ფილოსოფოსი შიო არსენაშვილი გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ წინააღმდეგ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო სასამართლოში სარჩელის აღძვრას აპირებს.
ახლახანს გაზეთ „პრაიმ ტაიმში“ ერთი სკანდალური ინფორმაცია გამოქვეყნდა. როგორც გაზეთი იტყობინებოდა, თურმე „სახალხო სასამართლოს“ თავმჯდომარე შიო არსენაშვილმა „სახალხო სასამართლოსთვის“ გადმორიცხული ფული 130 000 ლარი გაფლანგა. „პრაიმ ტაიმში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად (ციტატა სტატიიდან): „არსენაშვილის „თეთრებიდან“ გულუასთან გადაბარგებამ შაშიაშვილი იმდენად გააღიზიანა, რომ ფინანსურ დეტალებზეც კი ალაპარაკდა.
„თეთრების“ ლიდერისაგან წაყენებული ბრალი საკმაოდ სერიოზული იყო. პროექტის ფარგლებში არსენიშვილმა 130 000 ლარი ისე მიითვისა, არაფერი გაუკეთებია“.
ეს ამბავი, გაზეთის მტკიცებით, მათთვის თემურ შაშიაშვილს გაუმხელია.
„სახალხო სასამართლოს“ წარუმატებლობის მიზეზებზე საზოგადოებაში ბევრს მსჯელობენ, ამიტომ თემურ შაშიაშვილთან და შიო არსენაშვილთან დეტალების გარკვევას შევეცადეთ.
შიო არსენაშვილი: „პრაიმ ტაიმი“ იმდენ „სკანდალურ“ სიყალბეს აქვეყნებს, რომ როგორც ვირისგან წიხლი, ისე მისგან ტყუილი არ არის საწყენი, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ამის მოთმენას არ ვაპირებ. ხვალ საჯარო პრესკონფერენციას გავმართავ და „პრაიმ ტაიმისაგან“ მოვითხოვ, ან წარმოადგინოს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რაც სტატიაშია მითითებული, ან საჯაროდ ბოდიში მოიხდოს. თუ „პრაიმ ტაიმი“ საჯაროდ ბოდიშს არ მომიხდის, მაშინ მე მათ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სასამართლოში ვუჩივლებ.
იქნებ მათლაც თქვა შაშიაშვილმა ასეთი რამ?
- აგერ არის შაშიაშვილი და ჰკითხეთ! თემურ შაშიაშვილი ამ სტატიის გამოქვეყნებისას არ იყო საქართველოში და თვითონ დამირეკა, რომ მსგავსი რამ არ უთქვამს. ბუნებრივია, იმას, რაც არ არსებობს, ვერ იტყოდა. თუ არსებობს თემურ შაშიაშვილის ინტერვიუს ჩანაწერი, მაშინ წარმომიდგინონ. ისე კი, როგორ ხდება ჟურნალისტიკაში, როცა ვიღაცა ვიღაცას საჯაროდ ბრალს სდებს, „ბრალდებულს“ კი ჟურნალისტები არაფერს ეკითხებიან?
ეს, უბრალოდ, ჟურნალისტიკის სირცხვილია. „სახალხო სასამართლოს“ საბჭოში 16 პარტია და 18 არასამთავრობო ორგანიზაცია შედიოდა. ეს იყო ჩვენი ერთობლივი პროექტი და იქით ვდებდით ფულს. სხვათა შორის, ამ პროექტის ასამუშავებლად 6000 დოლარი დავდე. ფული დადო თემურ შაშიაშვილმა, მინდია უგრეხელიძემ, გელა ნიკოლაიშვილმა, ნინო ბურჯანაძემ. ყველამ, ვინც ამ პროექტში მონაწილეობდა. რაც შეგვეძლო, იქით ვეხმარებოდით სახალხო სასამართლოს და რომელ 130 000-ზეა საუბარი? მე საბჭოს თავმჯდომარე ვიყავი, მაგრამ ფინანსურ საკითხები სპეციალურ ფონდს ებარა, რომელთანაც კავშირი არ მქონია და, უბრალოდ, არ შემეძლო რაიმე მიმეთვისებინა“.
ჩვენ დავუკავშირდით სტატიის ავტრორს ხათუნა მგალობლიშვილს: „ჩვენ გადამოწმების გარეშე არაფერს ვწერთ“, - ასეთი იყო განმარტება.
შაშიაშვილი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ასეთი რამ არ უთქვამს.
- შაშიაშვილთან ბევრჯერ გვქონდა ინტერვიუ ჩაწერილი. მან თავისი სიტყვები ძალიან ბევრჯერ წაიღო უკან და მხოლოდ მას შემდეგ გაჩუმდა, რაც წარვუდგინეთ ჩანაწერები.
შეგიძლიათ მოგვასმენინოთ ჩანაწერი?
- ჩანაწერი მოგასმენინოთ?!... არ არის პრობლემა, რეალურად, გადმოგირეკავთ ცოტა ხანში.
მოგვიანებით, „პრაიმ ტაიმმა“ ჩვენება შეცვალა - „თემურ შაშიაშვილის ეს ბრალდება დახურულ სხდომაზე გამოუთქვამს და იგი ჩვენმა წყარომ გვიამბო“.
ჩვენ დავუკავშირდით თემურ შაშიაშვილს: „არ ვიცი, საიდან მოიტანა ეს „პრაიმ ტაიმმა“. სად ვთქვი ეს, როდის? ასეთი რამ არა თუ არ მითქვამს, თავში აზრადაც არ მომსვლია! ის, რაც არ არსებობს და არ ყოფილა როგორ უნდა მეთქვა? შიო არსენაშვილი ზედმეტად წესიერი კაცია. სხვა საკითხია, მისი პოლიტიკური ორიენტაცია მისაღებია თუ არა ჩემთვის, მაგრამ მის წესიერებაში ეჭვი არასოდეს შემპარვია.
„პრაიმ ტაიმმა“ ისეთი ტყუილი მოიგონა, რომ სიტყვები არ მყოფნის მის შესაფასებლად. თუმცა, „პრაიმ ტაიმისაგან“ ყველაფერია მოსალოდნელი. ეს კი არა, ჩემი და ჩემი ქალიშვილის სურათი ისეთი მიუღებელი კონსტექსტით გამოაქვეყნეს, რომ იძულებული გავხდი „პრაიმ ტაიმის“ რედაქციაში ჩემს ქალიშვილთან ერთად მივსულიყავი და განმემარტა, რომ სურათზე ჩემი ქალიშვილი იყო გამოსახული. მოვითხოვე დაებეჭდათ იგივე ფოტო რელური კონტექსტით და შესაბამისი წარწერით, მაგრამ დამპირდნენ და არ დაბეჭდეს! აი ეს არის „პრაიმ ტაიმი“ და მათი სიმართლე! მაინტერესებს, მკითხველი არ ეცოდებათ მაინც ამდენ ტყუილს რომ აკითხებენ?
„პრაიმ ტაიმში“ ამბობენ, რომ ეს თქვენ თქვით და შესაბამისი ჩანაწერი აქვთ კიდეც...
- „პრაიმი-ტაიმი“ ტყუის! კი, ბატონო, აღდგომა და ხვალეო - წარმოადგინონ ჩანაწერი! მე არ ვიცი, რა ვთქვი და რა - არა? წარმოადგინონ ჩანაწერი და მერე მე ვაგებ პასუხს!