ლაბორატორია 1918: „სანდრო კვიტაშვილმა „ისტერიჩკები“ და „განუვითარებლები“ გვიწოდა“

ლაბორატორია 1918: „სანდრო კვიტაშვილმა „ისტერიჩკები“ და „განუვითარებლები“ გვიწოდა“

უნივერსიტეტში სწავლის დაწყება სტუდენტებსა და რექტორატს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი უნივერსიტეტის განუმეორებლობაში არწმუნებდნენ პირველკურსელებს და სწავლის დაწყებას ულოცავდნენ, როცა ღონისძიებაზე სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის "ლაბორატორია 1918"-ის წევრები გამოჩნდნენ და უნივერსიტეტში სწავლის ხარისხისა და ფასის შეუსაბამობა გააპროტესტეს.

 

„ნუ ატყუებთ სტუდენტებს", „არა- ავტორიტარულ განათლებას", „განათლების რეფორმა ჩავარდა", - ამ პლაკატების წაკითხვა მოუწიათ საზეიმოდ განწყობილ რექტორსა და მინისტრს, რამაც მათი შეცბუნება გამოიწვია. მართალია, მინისტრი შაშკინი საყვარელ ფრაზას პრეზიდენტს დაესესხა და ცდილობდა, წარმოეჩინა, რომ პირველკურსელები „ყველაზე მაგარ უნივერსიტეტში“ მოხვდნენ, რომელშიც თავადაც უსწავლია, მაგრამ უნივერსიტეტი რომ „ყველაზე მაგარი“ და „ყველაზე საუკეთესო“ აღარაა, ეს ალბათ განათლების მინისტრმაც ყველაზე უკეთ უწყის.

 

უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი შეეცადა, წონასწორობა ბოლომდე შეენარჩუნებინა, მაგრამ ამ პლაკატების შემხედვარემ ვეღარ მოითმინა და „ლაბორატორია 1918“-ის წევრებს ტრიბუნიდანვე შესძახა: „ვინც თავს თვლის მოტყუებულად, საქართველოში არის არჩევანი, ნებისმიერ უნივერსიტეტში შეუძლიათ, გააგრძელონ სწავლა. თუ ვინმე რამეში გატყუებთ, ძალიან გთხოვთ, თქვენს თავს მიხედეთ და ჩვენ ნუ გვაწუხებთ“.

 

რექტორის ამ სიტყვების მიუხედავად, „მოტყუებულებს“ ფეხი არ მოუცვლიათ და საპასუხო რეაქციაც არ დაუყოვნებიათ: „მე მგონი, ვინც ამ ტყუილის სათავეშია, მან თავად უნდა დატოვოს უნივერსიტეტი;“ „ჩვენ ისეთი მოთხოვნებით გამოვდივართ, ვინც ამას შეეწინააღმდეგება (განათლების მაღალ ხარისხსა და განათლების ხელმისაწვდომობას), ის საკუთარი თავის მარგინალიზაციას ეწევა“.

 

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს შორის სიტყვიერი შეკამათება სანდრო კვიტაშვილის ტრიბუნიდან ჩამოსვლის შემდეგაც არ შეწყვეტილა. კვიტაშვილმა საკუთარი ბავშვობაც გაიხსენა, როცა საბავშვო ბაღში წაიყვანეს და ბაღი არ მოსწონებია, იგი უმალვე სხვა ბაღში გადაუყვანიათ. ამდენად, უნივერსიტეტის რექტორმა განსხვავებულად მოაზროვნე სტუდენტებს მისი ბავშვობისდროინდელი გამოცდილების გაზიარება ურჩია:

 

„ძალიან საინტერესოა, როცა ადამიანი აცხადებს, რომ ვერ სწავლობს. როცა ოთხი წელი აქ სწავლობს, ვერაფერი მიიღო და მაინც ოთხი წლის შემდეგ უნივერსიტეტის მაგისტრატურაში აბარებს და აქვს პათოლოგიური ზიზღი აქაურობის, აირჩიოს სხვა უმაღლესი“.

 

თუმცა, რექტორმა აქვე დასძინა, რომ იგი უნივერსიტეტიდან არავის აგდებს. ამის მიუხედავად, სანდრო კვიტაშვილმა უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტის შეკითხვა: „უსაფუძვლოა ეს პროტესტი?“

 

თავის მხრივ, ჟურნალისტებთან საუბრისას "ლაბორატორია 1918" წარმომადგენლებმა დააკონკრეტეს, თუ რატომ არ აკმაყოფილებდა უნივერსიტეტი მათ მოთხოვნილებას. მათი თქმით, დღევანდელ უნივერსიტეტში სტუდენტობა ბიუროკრატიული საფეხურების ბოლო საფეხურზე იმყოფება და სტუდენტებს არ აქვთ უფლება, იყვნენ თავისუფალნი. ისინი ადმინისტრაციას ემორჩილებიან, ხოლო უნივერსიტეტის თვითმმართველობა არ გამოხატავს სტუდენტების აზრს, თვითმმართველობა მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვისაა.

 

დაუმორჩილებელი სტუდენტები აცხადებენ, რომ მათ არ აძლევენ შესაბამის ლიტერატურას, განუწყვეტლივ ქსეროქსზე უწევთ სირბილი. ამასთან, მათთვის ცხადი გახდა, რომ წითელი დიპლომის აღების მიუხედავად, ეს არ იყო ის ცოდნა, რაც პროფესიონალ ადამიანს ესაჭიროება. სწორედ ერთ-ერთ წითელდიპლომიან სტუდენტთნ გაგრძელდა კვიტაშვილის სიტყვიერი პაექრობა. წითელდიპლომიანმა რექტორს მიუგო: „რატომ ამბობთ, რომ თქვენ თქვენი ვერ მოახერხეთო? ცდილობთ, ჩემს დებილად წარმოჩენას? ე.ი. პრობლემა ჩემშია? თუ სტუდენტები სწავლის გამოყენებას ვერ ახერხებენ, ე.ი. ეს ყველა სტუდენტის ბრალია ერთად?“   

 

პრესაგე.ტვ ესაუბრება „ლაბორატორია 1918“-ის წევრს, უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტ ანი ჭანკოტაძეს:

 

- ვიცოდით, რომ დღეს უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლას აპირებდნენ განათლების მინისტრი და უნივერსიტეტის რექტორი. ჩვენი მიზანი იყო, სტუდენტების ხმა და მათი ინტერესი მიგვეწვდინა საზოგადოებისთვის. მით უფრო, რომ ვიცოდით, ტელევიზიებიც იქ იქნებოდნენ. გვინდოდა, დაგვეფიქსირებინა სტუდენტების ინტერესები - ის, რომ სწავლა ძალიან ძვირი, ხელმიუწვდომელია ზოგადად ქვეყანაში და ქვეყნის მასშტაბით ნომერ პირველ უნივერსიტეტში.

 

მაინც რამდენს შეადგენს სწავლის საფასური?

- სწავლის საფასური 2250 ლარი გახდა ახლახანს. ამ ეკონომიკური ვითარების ფონზე ეს თანხა სტუდენტისთვის მძიმე გადასახდელია. ამის გამო ბევრმა სტუდენტმა  ვეღარ გააგრძელა სწავლა და მიატოვა უნივერსიტეტი.

 

რექტორსა და სტუდენტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებისას ერთ-ერთმა სტუდენტმა ფიზიკური ძალადობა ახსენა. მართლაც ხომ არ მომხდარა ფიზიკური ძალადობა?

- არა, ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. უბრალოდ, სატელეფონო საუბრით  შევიტყვეთ, რომ თვითმმართველობის წევრები ჩვენი წევრების ცემას აპირებდნენ. თუმცა ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა. ზუსტად ეს იყო მიზეზი, რომ ავედით და  რექტორისა და თვითმმართველობის პრეზიდენტისგან იმის გარანტიას ვითხოვდით, რომ დღევანდელი აქციის გამო „ლაბორატორიის“ წევრებს არავინ სცემდა. მით უფრო, გვქონდა გამოცდილება, რომ 15 აპრილს „თარგმნეს“ პრეზენტაციაზე უნივერსიტეტში სტუდენტები სცემეს. მოგეხსენებათ, მაშინ უნივერსიტეტში სტუდენტური ინიციატივით  ჟურნალისტური გამოძიება მოეწყო, რაც სასწავლო პრობლემებს ეხებოდა. ამ პრეზენტაციის შემდეგ კი სცემეს „თარგმნესა“ და „ლაბორატორიის“ წევრები, რომლებმაც თვითმმართველობა გააკრიტიკეს. მანამდეც თვითმმართველობის წარმომადგენლები ხშირად სცემდნენ ხოლმე ოპოზიციურად განწყობილ სტუდენტებს. ამის გამოცდილება გვქონდა, ამიტომ რექტორისგან გარანტიის მიღება  გვსურდა. ამჟამად თვითმმართველობის პრეზიდენტია დაჩი გუმბაძე.

 

რა პასუხი მიიღეთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან? კვიტაშვილის პასუხი არაადექვატურად მიიჩნიეთ?

- მათ გვითხრეს, რომ „ისტერიჩკები“ ვართ და პროვოკატორები.

 

თქვენ თვლით, რომ თვითმმართველობა სტუდენტურ ნებას არ გამოხატავს?

- რა თქმა უნდა, ისინი არ გამოხატავენ სტუდენტების ინტერესებს. ისინი აქცენტს არ აკეთებენ იმ ნამდვილ პრობლემებზე, რაც სტუდენტთა წინაშე დგას. კვიტაშვილის პასუხი სავსებით არაადექვატური იყო, არ ველოდი ასეთ პასუხს. უბრალოდ, ჩვენ რას ვითხოვდით? მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიან განათლებას. ხომ ძალიან ძვირია, მაგრამ, თუნდაც იმ მაღალი ფასის ფარგლებში, ხარისხი მაინც ხომ უნდა იყოს ფასთან შესაბამისი? ჩვენ მოვითხოვდით თავისუფალ უნივერსიტეტს, სადაც სტუდენტი და ლექტორი იქნება მთავარი და არა ადმინისტრაცია, როგორც დღეს არის. შეუძლებელია, ამას არ დაეთანხმოს საღად მოაზროვნე ადამიანი. ბატონმა სანდრომ რატომღაც ამ ყველაფრის ისეთი კვალიფიცირება მოახდინა, თითქოს ჩვენ პათოლოგიურად გვძულს უნივერსიტეტი, „ისტერიჩკები“ ვართ, განუვითარებლები - ასე უწოდა ერთ ჩემს მეგობარს, თინა ყიფშიძეს. გვითხრა, ასე საცოდავად პლაკატებით დგომას, ჯობია, ისწავლოთო. თავიდანვე ოფიციალური განცხადების დროს მოგვმართა ასე. შემდეგ კი, როცა ჩემმა მეგობარმა თინამ უთხრა, რომ, იცით რა, ვისწავლეთ კიდეც, ამავე უნივერსიტეტის წითელი დიპლომიც გვაქვს და ახლა მაგისტრატურაში ვსწავლობო, ბატონმა სანდრომ ასე უპასუხა: „წითელი დიპლომი აიღე და კიდევ ვერ განვითარდი?“

  

სტუდენტობას ხშირად საყვედურობენ, რომ ისინი ხმას არ იღებენ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება და რომ, თავის დროზე ასეთი სტუდენტობის პირობებში ეროვნული მოძრაობა ვერ დაიბადებოდა. რეალურად რა ხდება უნივერსიტეტში? სხვა სტუდენტებიც თქვენს მსგავსად აზროვნებენ, მაგრამ პროტესტს დუმილით პასუხობენ? უნივერსიტეტიდან დაიწყება ეროვნული მოძრაობის მსგავსი მოძრაობა?

- ჩემი აზრით, სტუდენტების უმცროსი თაობა შექმნილ სიტუაციას  საკმაოდ კარგად აანალიზებს და ზუსტად ხვდება, რა პრობლემებიც დგას ჩვენს წინაშე, მაგრამ ჯერჯერობით არ გამოუვლენიათ აქტიურობა, თითქოს აკლიათ იმის რწმენა, რომ რაღაცის შეცვლა შეუძლიათ. თუმცა, აშკარად ჩანს, რომ მომავალი თაობა უფრო აქტიურია. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, წლების შემდეგ ძლიერი სტუდენტური მოძრაობა აუცილებლად დაიწყება და ეს იქნება არა იმდენად ეროვნულ მოტივებზე, არამედ სოციალურ მოტივებზე აღმოცენებული, რადგან ამჟამად ჩვენს წინაშე ზუსტად სოციალური პრობლემები დგას.

 

რატომ დაარქვით თქვენს საინიციატივო ჯგუფს „ლაბორატორია 1918“?

- ეს სახელი სიმბოლურად დავარქვით, რადგან 1918 წელს დაარსდა უნივერსიტეტი, ცოდნის, მეცნიერების, კულტურული ცენტრი და დღეს ამ ფუნქციას უკვე ვეღარ ასრულებს. ლაბორატორია კი იმიტომ დავარქვით, რომ ჩვენ გვინდა, დავადგინოთ ის მიზეზები, რაც ხელს უშლის უნივერსიტეტს, რათა ამ პრობლემის ჩვენებური კვლევა მოვახდინოთ. დაახლოებით 50-მდე წევრი ვართ ამ ლაბორატორიაში გაერთიანებული, თავიდან უფრო ცოტა ვიყავით.

 

საპროტესტო გამოსვლის გამო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან პრობლემა ხომ არ შეგექმნებათ?

- ვერ გეტყვით, ეს ალბათ რექტორს ეცოდინება. თუმცა ეჭვი მეპარება, უხეში ხერხებით მოინდომონ ჩვენთან გასწორება. არა მგონია, რომ მას შემდეგ, რაც ცემა-ტყეპის გამოცდილება გვქონდა, ასეთ პრიმიტიული ხერხები გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ.