კონტეინერებში ჩამწყვდეულ სვანეთის საგანძურთან მძიმე ტექნიკა მუშაობს

კონტეინერებში ჩამწყვდეულ სვანეთის საგანძურთან მძიმე ტექნიკა მუშაობს

[ნინო მიქიაშვილი სპეციალურად „ობიექტივისთვის“ მესტიიდან]

მესტიის მუზეუმის მასშტაბური რეკონსტრუქცია დიდი ხანია შეჩერებულია, საგანძური კვლავ კონტეინერებშია ჩამწყვდეული, ხოლო იუსტიციისა და პოლიციის ზარ-ზეიმით გახსნილი შენობები მოუმთავრებელი. იქ ახლაც გამალებული სამუშაოები მიმდინარეობს.

3 ოქტომბერს მესტიაში მისი უწმინდესობის ჩამობრძანებას ელოდნენ, მაგრამ პატრიარქი არ ჩამოვიდა. ჯერჯერობით, უცნობია უახლოეს დღეებში ჩამობრძანდება, თუ მისი სტუმრობა მომავლისთვის გადაიდება. მესტიაში ახლა წმიდა სინოდის წევრები არიან ჩამოსულები.

2-ში ღამით მესტიაში მოთოვა, ათ სანტიმეტრამდე დადო, მაგრამ 3-ში მზე გამოვიდა და თოვლი დაადნო.

მესტიელების უკმაყოფილება დღითიდღე იზრდება, იმის გამო, რომ მესტიის ისტორიული ცენტრი, იგივე სეტი, გადათხარეს, ახლა იქ რაღაც უზარმაზარ შენობას აშენებენ, მაგრამ ხალხს არ ეუბნებიან და არ უხსნიან რა ფუნქცია და დატვრითვა ექნება მას.

საგანძურის კონტეინერებში გადატანასთან და სეტის განადგურებასთან  ერთად მესტიელები ამ რაიონში დაგეგმილ გამრიცხველიანების პროცესს აპროტესტებენ - ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია, „ენერგოპროჯორჯია“ გამრიცხველიანებას იწყებს.

როგორც აქაურები განმარტავენ, მაღალ გადასახადებს მოჰყვება ტყის მასიური ჭრა, რადგან ადგილობრივები, მწირი შემოსავლების გამო გადასახადს ვერ გადაიხდიან და ტყის ჭრას დაიწყებენ.

ცნობისათვის, სვანეთში, ენგურგესის წყალსაცავისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების გამო, საერთაშორისო ორგანიზაცია „კიოტოს“ ნორმების თანახმად, რომლის წევრიც არის საქართველო, ზემო სვანეთი წლების განმავლობაში გათავისუფლებული იყო ელექტროენერგიის გადასახადისგან. „კიოტო“ იცავს წყალსაცავის ზონაში მცხოვრები ადამიანების უფლებებს. 

აქაურების განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა და მანამდე, მისმა წინამორბედმა ედუარდ შევარდნაძემ ხმამაღლა განაცხადეს, რომ ენგურის ხეობაში მცხოვრები სვანები ელექტროენერგიის გადასახადისგან თავისუფლები არიან.

3 ოქტომბერს უკმაყოფილო ხალხი მესტიის გამგეობასთან იყო მისული. როგორც მათ გვითხრეს, ცარიელი დაპირებებით გამოისტუმრეს.

მესტიის მუზეუმს ეზო ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე ჩამოაჭრეს და ამ ტერიტორიაზე ახლა გზა გაჰყავთ. მუზეუმის შენობა ისევ იმ მდგომარეობაშია, როგორშიც ერთი თვის წინ, 28 აგვისტოს დაგვხდა. ანუ ნახევრად დანგრეულია. სვანეთის მუზეუმში დაცული საგანძური კი ისევ კონტეინერებშია ჩამწყვდეული და ახალი გზა, რომელიც მესტიას უშგულთან დააკავშირებს, ამ კონტეინერებიდან დაახლოებით 15-20 მეტრითაა დაშორებული.

მუზეუმის ეზოში 3 ოქტომბერს (თერთმეტ საათზე მივედით) მაშინ მივედით, როცა კონტეინერებში ჩამწყვდეული საგანძურის სიახლოვეს მძიმე ტექნიკა მუშაობდა - ამოჭრილ 4-დან 6 მეტრი სიღრმის ორმოებში ქვებს ყრიდნენ, სიმაგრისთვის.

ვესაუბრეთ მუშებს, რომლებიც ადგილობრივები არ არიან. ვკითხეთ, რა ბედი ეწეოდა კონტეინერებს. მათი პასუხი ასეთი იყო - ეს მუშების სადგომია, აქ ისინი ცხოვრობენ, ვინც ამ შენობაზე (მუზეუმის “ობიექტივი“) მუშაობენ. ამ კონტეინერებს აიღებენ და აქედან გადადგამენო. ანუ მეგზევეებს წარმოდგენა არ აქვთ, რის სიახლოვეს უწევთ მუშაობა.

იუსტიციის სახლი და პოლიციის შენობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ახლახანს, ტელეკამერების თანხლებით გახსნა, მოუმთავრებელია. განსაკუთრებით პოლიციის შენობა, რომელშიც შიგნით ხარაჩოებია, ხოლო გარედან კედლებზე დაკიდებული მუშები მუშაობენ, მძიმე ტექნიკაც იქვე, დგას.