ლესლი ჰოვარდი ბრიტანეთის აგენტი ყოფილა

ლესლი ჰოვარდი ბრიტანეთის აგენტი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ესპანელი მწერალი ხოსე რეი-ხიმენა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ლესლი ჰოვარდი თავისი ქვეყნის საიდუმლო სამსახურების თანამშრომელი ყოფილა.

 

ლესლი ჰოვარდის სახელი კინოს თაყვანისმცემლებისათვის კარგად არის ცნობილი. მან თავის დროზე ეშლი უილკის როლი შეასრულა გახმაურებულ ამერიკულ სურათში “ქარწაღებულები”.

 

რეი-ხიმენას გამოკვლევებით ცნობილი გახდა, რომ წინა საუკუნის 30-იან წლებში, ჰოვარდის საყვარელი იმ ხანად ცნობილი ესპანელი მსახიობი კონჩიტა მონტენეგრო გახლდათ. ეს უკანასკნელი ცოლად გაჰყვა გამოჩენილ ფალანგისტს რიკარდო ხიმენეს-არნაუს.

 

იმის წყალობით, რომ ხიმენეს-არნაუს ესპანურ მაღალ პოლიტიკურ წრეებთან ჰქონდა ურთიერთობა, 1943 წელს ლესლი ჰოვარდმა შეძლო ფრანსისკო ფრანკოს შეხვედროდა. მსახიობმა კაუდილიოს თურმე უინსტონ ჩერჩილის გზავნილი გადასცა. მწერლის ვარაუდით, ჰოვარდის ამ მისიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ესპანეთმა შედარებითი ნეიტრალიტეტი დაიცვა და ფაშისტური კოალიციის ქვეყნების რიგებში არ გაწევრიანდა.

 

ლესლი ჰოვარდი 1943 წლის ივნისში დაიღუპა, როდესაც ლისაბონიდან ლონდონში მიფრინავდა. თვითმფრინავი, რომელშიც ის იმყოფებოდა ბისკაის სრუტის თავზე გერმანელმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო.