2011 წლის 17 სექტემბერს ლატვიის საპარლამენტო ისტორიაში პირველი ვადამდელი არჩევნები შედგა. ამომრჩეველი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს, სეიმის 100 ადგილის ბედს წყვეტდა.
არჩევნების შედეგებიც ისტორიულია - 1991 წლიდან პირველად, პრო-რუსულ პარტიას, რომელსაც ოფიციალურად უჭერს მხარს რუსეთის ფედერაცია, აქვს შანსი მართოს ქვეყანა.
ლატვიაში 1998 წლიდან პროპორციული წარმომადგენლობის სისტემით, სეიმის 100 წევრი ოთხი წლის ვადით ირჩევა. ეს ასი ადგილი გადანაწილებულია ხუთ რეგიონს შორის. არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ რეგიონის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით პროპორციულად ადგენს კვოტებს. თითოეული მათგანიდან პარლამენტში შეიძლება მოხვდეს 13-29 წევრი.
პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერის გადალახვა უწევთ. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ლატვიის ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა 18 წელი.
17 სექტემბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შედგა 2010 წლის ოქტომრის არჩევნების შემდეგ წელიწადზე ნაკლებ პერიოდში. არჩევნების დანიშვნა იყო მაისში დაწყებული პოლიტიკური კრიზისის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. 28 მაისს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ვალდის ზატლერსმა, ტელევიზიის საშუალებით თავის თანამემამულეებს აცნობა პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილების შესახებ. ეს უფლება ლატვიის პრეზიდენტს კონსტიტუციის 48-ე მუხლის მიხედვით აქვს მინიჭებული. თუმცა ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ რისკსაც შეიცავს - თუკი რეფერენდუმზე გატანილი საკითხი არ დადასტურდება, პრეზიდენტი უნდა გადადგეს.
პარლამენტის დათხოვნის ოფიციალური მიზეზი გახდა სეიმის გადაწყვეტილება, არ დაეჭირა მხარი აინარს სლესერსისათვის იმუნიტეტის მოხსნისა და კორუფციის ბრალდებით გამოძიების დაწყებისთვის. სლისერი ცნობილია, როგორც დიდი გავლენის მქონე ოლიგარქი. გამოძიების დაწყების წინააღმდეგ გამოვიდნენ „მწვანეებისა და ფერმერების კავშირის“ წევრები, სლესერის საკუთარი პარტია და პრო-რუსული „ჰარმონიის (თანხმობის) ცენტრი“.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ლატვიის პარლამენტმა ახლახანს მიიღო კანონი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიის დაფინანსების წესს: ნებისმიერი პარტია, რომელიც არჩევნებში 2%-ს მაინც მიიღებს, იღებს ჩეკს 0.71 ევროს ოდენობით თითოეული ხმისთვის. ლატვია არის ერთადერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომელსაც არ აქვს კანონი პოლიტიკური პარტიებისთვის სუბსიდიების შესახებ. შედეგად, პარტიები არიან დამოკიდებულნი ოლიგარქებზე, და საზღვარგარეთიდან დაფინანსებაზე, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და 2011 წლის პოლიტიკური კრიზისის მიზეზიცაა.
23 ივლისს გამართულ რეფერენდუმზე ლატვიის მოსახლეობის 94%-მა მხარი დაუჭირა სეიმის დათხოვნას. არჩევნებამდე საკმაოდ მოკლე წინასაარჩევნო კამპანია შედგა, სადაც ახალ პოლიტიკურ ძალად მოგვევლინა ექს-პრეზიდენტის, ისტორიული ინიციატივის ავტორის, ზატლერსის რეფორმის პარტია. თავდაპირველად, პარტიის ლიდერმა ისურვა პარტიის რიგებში გაეერთიანებინა ცნობილი ადამიანები ინტელექტუალური წრეებიდან, მაგრამ როდესაც მათ არ მოინდომეს პოლიტიკაში ჩართვა, ზატლერსმა დიდი რაოდენობით ნაკლებად ცნობილი ხალხი და სხვა პარტიების ყოფილი წევრები შეაგროვა. მაგალითად, მის მიერ შემოთავაზებული კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ედმუნდს სპრუდზსი კერძო ბიზნესში იყო დაკავებული და მხოლოდ საშუალო განათლება აქვს მიღებული.
აგვისტოში ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა დაახლოებით მეოთხედმა გამოხატა მხარდაჭერა ჰარმონიის ცენტრის მიმართ. ლატვიელთა 12%-მა ნაციონალურ ალიანსს (სამშობლო და თავისუფლება) მისცა ხმა, 12% მიიღო ზატლერსის რეფორმის პარტიამ. „ერთობას“ უწინასწარმეტყველებდნენ 6%-იან მხარდაჭერას, მწვანეთა და ფერმერების კავშირს - 4%, „ლატვიის გზას“ და „ადამიანთა უფლებები გაერთიანებულ ლატვიაში“ გამოკითხულთა 1-1% უჭერდა მხარს. ამომრჩეველთა მესამედს არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას. წინასაარჩევნო კვლევების თანახმად ლატვიელთა მხოლოდ 16%-ს სჯეროდა, რომ არჩევნები რაიმე არსებით ცვლილებას მოიტანს.
ანალიტიკოსების შეფასებით, მიუხედავად შედეგისა, მომავალი მთავრობის მთავარი მიზანი იქნება ეკონომიკური ზრდის გაგრძელება. ლატვიამ უნდა შეძლოს და შეამციროს საბიუჯეტო დეფიციტი, რათა დააკმაყოფილოს კრიტერიუმები და 2014 წლისათვის ევროზონას შეუერთდეს.
საარჩევნო უბნები ლატვიის ყველა რეგიონში 07.00 საათზე გაიხსნა და 20.00 სთ-მდე მუშაობდა. 17 სექტემბერს ამომრჩეველთა საკმაოდ დაბალი აქტივობა დაფიქსირდა, 1 542 799 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან არჩევნებზე მხოლოდ 59.9% მივიდა.
არჩევნებმა აჩვენა, რომ გაიზარდა საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილე ლატვიელთა რიცხვიც. ამ არჩევნებზე საზღვარგარეთ გახსნილი იყო 77 საარჩევნო უბანი, სადაც 14 171 ბიულეტენი იქნა გაცემული. შედარებისთვის წინა არჩევნებზე ამ რიცხვებმა შესაბამისად 64 და 13 012 შეადგინა. გამარჯვება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ჰარმონიის ცენტრმა“ მოიპოვა.
შედეგები ასე გამოიყურება:
ჰარმონიის (თანხმობის) ცენტრი - 28.4% - 31 ადგილი (+2)
ზატლერსის რეფორმის პარტია 20.8% - 22 (+22)
ერთობა - 18.8% - 20 (-13)
ნაციონალური ალიანსი - 13.9% - 14 (+6)
მწვანეებისა და ფერმერების კავშირი - 12.2% - 13 (-9)
ლატვიის გზა - 2.4% - 0
ადამიანთა უფლებებისთვის გაერთიანებულ ლატვიაში - 0.8% - 0
სხვები - 1.8% - 0
****
როდესაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა, ორი რამ გახდა ნათელი - პირველი ის, რომ გაიმარჯვა ჰარმონიის ცენტრმა, მეორე კი ის, რომ ე.წ ოლიგარქიულმა პარტიებმა კრახი განიცადეს.
მართალია, გამარჯვებული „ჰარმონიის ცენტრი“ გახდა, რომელიც პრო-რუსული ორიენტაციითაა ცნობილი, მაგრამ წინა არჩევნებთან შედარებით მათ მხოლოდ 2%-ით მეტი ხმის მოპოვება შეძლეს. პარტიის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტთა ნაწილი ამომრჩევლის დაბალ აქტივობას ასახელებს. ყოველკვირეული გაზეთის “Ir”-ის რედაქტორმა, ნელია ლოკემელმა განაცხადა: „ჰარმონიის ცენტრმა მადლობა უნდა გადაუხადოს იმ ზარმაც ლატვიელებს, ვინც არ წავიდა არჩევნებზე და დარჩა სახლში“. პარტიამ ხმების მოპოვება სხვა პრო-რუსული პარტიების ხარჯზეც შეძლო: უფრო რადიკალური პრო-რუსული პარტიის, „ადამიანის უფლებებისთვის გაერთიანებულ ლატვიაში“ მხარდაჭერა მნიშვნელოვნად შემცირდა 2010 წლიდან.
ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ, ლატვიის მოსახლეობის 27% ეთნიკურად რუსია, ეს დაახლოებით 610 000 ადამიანია. მათი უმეტესობა ცხოვრობს რიგაში და ლატგალეს რეგიონში, ლიტვის სამხრეთ აღმოსავლეთში, რუსეთისა და ბელორუსიის საზღვართან. მათგან 335000 არ აქვს ლატვიის მოქალაქეობა, შესაბამისად - არ შეუძლიათ ხმის მიცემა, თუმცა სამოქალაქო აქტივობებში ისინიც აქტიურად არიან ჩართულნი.
მიუხედავად პრორუსული „ჰარმონიის ცენტრის“ გამარჯვებისა, ანალიტიკოსების მოსაზრებით, ლატვიურ პარტიებს მაინც აქვთ საკმარისი ძალაუფლება იმისთვის, რომ მოახდინონ გავლენა მოვლენებზე და დაიცვან ლატვია დასავლური მიმართულების შეცვლისგან.
საკმაოდ სენსაციურ წარმატებას მიაღწია რადიკალურმა ნაციონალისტურმა ალიანსმა, რომელმაც თითქმის გააორმაგა მიღებულ ხმათა რაოდენობა 2010 წელს მიღებული 6%-დან 13.9%-მდე. მეორე სიურპრიზი გამოდგა ზატლერსის პარტიის შედეგი. მან დაახლოებით 20.8% მიიღო, რაც უზრუნველყოფს მის მყარ პოზიციას პარლამენტში და თავისთავად, კოალიციების შექმნის პროცესში. შეგახსენებთ, რომ ეს პარტია ორი თვის წინ დაარსდა.
ზოგადად, ლატვიის პოლიტიკა შეიძლება დავახასიათოდ როგორც ეთნიკურ საკითხებზე, ან პიროვნებებზე ორიენტირებული. ხმის მიცემაზე, როგორც წესი, დიდ ზემოქმედებას არ ახდენს პარტიის სოციო-ეკონომიკური მიმართულება. ამომრჩეველთა ხმების განაწილებისას ეკონომიკურ საკითხებს არ აქვთ ისეთი პოლიტიკური წონა, როგორც, მაგალითად დასავლეთ ევროპის ქეყნებში.
ეს არჩევნებიც ამის ნათელი მაგალითია. „vote of confidence“ - ასე აფასებენ არჩევნებს ექსპერტები. ზატლერსის რეფორმის პარტიის წარმატება სწორედ ამ ფენომენს შეიძლება მივაწეროთ: ეს არის პარტია, რომელიც ძლიერ ანტი-ოლიგარქულ და ანტიკორუფციულ კამპანიას ეწეოდა. ე.წ „ზატლერსის ეფექტი“ სწორედ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებაში მდგომარეობს ოლიგარქების წინააღმდეგ, ამით პარტიამ მიიზიდა „ერთობის“ იმედგაცრუებულ მხარდაჭერები. როგორც ლატვიელმა პოლიტილოგმა, ივეტა კაზოკამ აღნიშნა, ასევე შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ზატლერსის რეფორმის პარტია შედგება თანამოაზრე პროფესიონალებისგან, რომელთაც შეუძლიათ ერთ გუნდად მუშაობა. საარჩევნო კამპანიისას ზატლერსმა მოირგო იმ ადამიანის როლი, რომელსაც უბრალოდ აღარ შეუძლია ლატვიის პოლიტიკის „ბნელ და გაფუჭებულ“ მხარეს დგომა. ნათელია, რომ ამან გარკვეული შედეგები გამოიღო, ვინაიდან მწვანეთა და ფერმერთა გაერთიანებამ დაკარგა გავლენა, ხოლო სლესერის რეფორმის პარტია საერთოდ ვერ მოხვდა პარლამენტში.
არჩევნების შემდეგ აქტიურად განიხილება საპარლამენტო კოალიციების შექმნის საკითხი. ზატლერსის რეფორმის პარტიამ და „ერთობამ“, შესაძლებელია, ერთობლივად შექმნან კოალიცია. თუმცაღა, პარტიებს არ აქვთ საკმარისი ხმები იმისთვის, რომ სეიმში უმრავლესობა შექმნან. არც ერთ მათგანს არ სურს ითანამშრომლოს მწვანეებისა და ფერმერების კავშირთან, რომელიც ლემბერგის სახელთან ასოცირდება - ყველაზე გავლენიანთან ლატვიის ოლიგარქებიდან. სავაურაუდოა, რომ ისინი ერთად შექმნიან კოალიციის საფუძველს. თუკი ეს ასე მოხდა, ლატვიაში კოალიციის შექმნის ორი შესაძლებელი სცენარი არსებობს.
პირველი სცენარის მიხედვით კოალიცია შეიძლება შედგეს ე.წ ლატვიური პარტიებისგან - ზატლერსის რეფორმის პარტია, ერთობა, და ნაციონალური ალიანსი. ამ გზით მათ 51 ადგილზე მეტის მოპოვება შეუძლიათ სეიმში. ეს ყველაზე მოსალოდნელ სცენარად შეიძლება მივიჩნიოთ, ვინაიდან ჰარმონიის ცენტრის, ან სხვა ე.წ რუსული პარტიების წინააღმდეგ მოქმედება ლატვიური პოლიტიკის ტრადიციაა. გარდა ამისა, ეს პარტიები გაცილებით ახლოს დგანან ერთმანეთთან ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებშიც.
თუმცა, რადიკალურ ნაციონალისტურ ალიანსთან კოოპერაცია შეიძლება ერთობის წევრ პოლიტიკოსთა ნაწილისთვის საკმაოდ სარისკო აღმოჩნდეს. ანალიტიკოსები დაინტერესებულნი არიან ითანამშრომლებს თუ არა „ერთობა“ პოლიტიკოსებთან, რომლებიც აქტიურად გამოხატავდნენ „ანტისემიტურ, ჰომოფობურ და რასისტულ იდეებსაც კი“. მეორე სცენარი გულისხმობს, რომ ზატლერსის პარტია და ერთობა „ჰარმონიის ცენტრთან“ ერთად მოახდენენ დიდი კოალიციის ფორმირებას, ამით კი 71 ადგილით სეიმში უმრავლესობას მოიპოვებენ. ერთის მხრივ, ასეთი კოალიცია აუცილებელია, თუკი ზატლერსი მართლაც აპირებს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას იმისთვის, რომ პრეზიდენტი აირჩეს არა სეიმის მიერ, არამედ პირდაპირი წესით.
მეორეს მხრივ, ეს შესაძლოა პოლიტიკურად შეუძლებელი აღმოჩნდეს, ვინაიდან „ერთობის“ შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჰარმონიის ცენტრის ეკონომიკური პროგრამა ასევე წინაღობას ქმნის წარმატებული თანამშრომლობისთვის. ზატლერსის რეფორმის პარტიას და ერთობას არ აქვთ განსაკუთრებული სირთულეები, რომ შეთანხმდნენ საკითხთა უმრავლესობაზე, ჰარმონიის ცენტრი კი, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს მთავრობის ინტერვენციას ეკონომიკაში, სოციალური პოლიტიკის სფეროს პრიორიტიზირებას და ევროზონასთან გაერთიანების გადადებას. პოტენციურად სწორედ ეს შეიძლება აღმოჩნდეს კოალიციის არასტაბილურობის მიზეზი.
ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, „ერთობა“ და „ზატლერსის რეფორმის პარტია“, (დიდი ალბათობით, სწორედ ამ კოალიციის შექმნაა მოსალოდნელი), სავარაუდოდ დატოვებს პოსტზე პრემიერ-მინისტრს, ვალდის დომბროვკისს, რაც ერთგვარი სიგნალი იქნება უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ ლატვია კვლავ მისდევს დეფიციტის შემცირების გეგმას და მზადაა 2014 წელს ევროზონაში შესვლისთვის.