[სანტიაგო გაუჩო]
მსახიობებს დატვირთული და საინტერესო ცხოვრება გააჩნიათ. ისინი მუდმივად დაკავებულები არიან. სპექტაკლებში მონაწილეობას სხვადასხვა კინოფილმებში გადაღებები ენაცვლება, მოგზაურობაც ხშირად უწევთ და რა გასაკვირია, რომ ამ პროფესიის ადამიანებს გასახსენებელი ყოველთვის აქვთ.
წინა ორ წერილში ქართველი პოლიტიკოსების მოგონებები შემოგთავაზეთ. ალბათ, დროა დღეს ამ პროფესიის ადამიანებისაგან დავისვენოთ და სიტყვა კვლავ მსახიობებს გადავცეთ.
ბატონი ვასილ ჩხაიძე პროფესიით მსახიობი არ გახლდათ. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. ის სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს და მის მიერ განსახიერებული როლები მოგვიანებით ქართული კინოს ისტორიის ოქროს ფონდში შევიდა. მსახიობი როლანდ ნადარეიშვილი ბატონი ვასოს შესახებ ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იხსენებდა.
„1959 წელია. ფოთის თეატრში ვიწყებ მოღვაწეობას. ბატონი ვასო ჩხაიძე გახლდათ ჩვენთან ერთად, ამოჩემებული ჰქონია ბატონ ვასოს ერთი ფრაზა, რომელიც რეალობას კოსმოსური სიჩქარით უახლოვდებოდა ხოლმე: „მომაწევიე ერთი“. ამის წინააღმდეგი არავინ იყო და აწევინებდნენ კიდეც.
„ობლად“ ნაყიდი „პრიმა“ მომთხოვა ოთხჯერ, იცოცხლე, ახველა, მაგრამ მეხუთედაც რომ მომთხოვა, შევწუხდი.
- ბატონო ვასო, ფილტვებს უფრთხილდით.
- რამდენი წლის ხარ? – მეკითხება.
- ასე, 25-26-27-ის.
- მაშინ, კი უნდა იცოდე, უფროსს რომ პატივი სცე, მომაწევიე.
მივეცი და გააბოლა.
- ყმაწვილო, - დაიწყო მძიმედ, - იცოდე, რომ სიგარეტი, საერთოდ, გეგეჭკორიდან მოდის, დიახ. გეგეჭკორელი მეჩაიეები და მემანდარინეები თესავდნენ მაგ კულტურას მწკრივებს შორის.
- „კიოსკებს“ შორისაც? – გავუთამამდი.
- ეჰ, ღლაპო, რა იცი შენ, მომაწევიე ერთი!
ამდენ წევა-წევაში კინაღამ მოწევას გადამაჩვია. ერთ დღეს ვიყიდე „პრიმა“, გავტენე ექვსი ცალი სიგარეტი „პოროხით“, თოფის წამალს რო ეძახიან, იმით.
- სიგარეტი გექნება შენ! – ვითომ პირველად მთხოვა, მომადგა.
- აგერაა, ბატონო, მივაწოდე „ასაფეთქებელი ღერები“. დინჯად ამოიღო. სხვათა შორის, ბატონ ვასოს ძალიან ლამაზი, ტუჩებზე გადასაკიდებელი ულვაშები ჰქონდა, რითაც ამაყობდა. მივაწოდე და მოუკიდა. რამდენიმე წამში იფეთქა სიგარეტმა და სულ ქარს გაატანა ვასოს ულვაშები. მიეწვა და დარჩა ცხვირქვეშ ულვაში, ჰიტლერს რო ჰქონდა ისე. ძლიერი კაცი იყო, მაშინ არაფერი შეუმჩნევია, მაგრამ მეორე დღეს გამოცხადდა სამსახურში. თუ ასე შეიძლება აღვწერო, ულვაშის ორივე „ფრთა“ მოსწყვეტოდა და ჰიტლერივით მიყურებდა დიდი მუქარით. ამის შემდეგ ჩემთვის სიგარეტი აღარ უთხოვია, ეგ კი არა, მე რომ მოვუკიდებდი, თვალებზე იფარებდა ხელს.
- ჰაილ, ჰიტლერ! – დავუძახებდი ხოლმე შეხვედრისას.
უნიათოდ ასწევდა ხელს და დარცხვენილი მპასუხობდა:
- ჰაილ, ჰაილ! როლანდია, უბედურო!!!
მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი ერთხელ თეატრთან ერთად საგასტროლოდ გურიაში იმყოფებოდა.
„ერთხელ გურიაში ვართ და ვთამაშობთ სპექტაკლს „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“. დაიწყო სპექტაკლი. როგორც რაიონებში იციან, მობილიზებულია მთელი ადმინისტრაცია, სახანძრო, სასწრაფო და ა.შ.
მოკლედ, მე და ჩემი „საცოლე“ ნინიკო სცენაზე ვართ, მოვიდა დრო, რომ შუქი უნდა ჩაქრეს სცენაზე და ჩაააქრო კიდევაც ჩვენმა განათების რეჟისორმა შუქი. ჩაქრობა და ვიღაცა გულგახეთქილი კაცის მოვარდნა ავანსცენასთან ერთი იყო.
- გაქვავდით ყველა, არ გაინძრეთ! – მოგვაძახა მე და ჩემს ნინიკოს სცენაზე. დავიბენი.
- რა გნებავთ, ბატონო? – ვუჩურჩულე ამ კაცს.
- ფეხი არ გაანძრიოთ – არ დაიმტვრეთ, ცოტა ხანს გაჩერდით.
დავიბენით მე და ნინო და ჩამოვჯექით ჭკვიანად იქვე, ტახტზე. ორ წუთს არ გაუვლია და ახლა პატარა ჩემოდნიანი მაღალი კაცი ამოიჭრა ქარიშხალივით სცენაზე და ჩექმების ბრახა-ბრუხით გაენთო კულისებში, თუმცა სულ მალე მობრუნდა იქიდან უხერხული სიცილით.
- რა მოხდა ბატონო, აღარ გვეტყვით? – ვეკითხები ამ კაცს.
- რა, ბიძია და მე ამ ქალაქის მთავარი ენერგეტიკოსი ვარ, შუა წარმოდგენის დროს რომ შუქი ჩაქრა, ვიფიქრე, რაღაცა დაზიანდა თეატრში-მეთქი და გამისკდა გული, მთელი ელექტროპერსონალი დავაყენე ფეხზე.
თუმცა, ჩვენს რეჟისორს უფრო გაულანძღავს, - ჩამიგდე წარმოდგენა, რას დარბიხარ სცენაზეო?!
მოკლედ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა თავისი საქმის ერთგული, პატიოსანი ადამიანი.“
კინოფილმი „რეკორდი“ ერთი ხანობა აკრძალული იყო. ხუტა უფროსის როლის შემსრულებელი გოვენ ჭეიშვილი იმ დღეებს შემდეგნაირად იხსენებს.
„მილიცია გაბაიბურებულიაო, თქვეს (გვარსა და სახელს არ დავასახელებ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა). მერე შევარდნაძემ ვიქტორია სირაძეს დაავალა – წადი, ნახე, რა „ანტი“ გადაიღესო. ნახეს, მოეწონათ, ფესტივალზეც გაგზავნეს.
ამ ფილმის შემდეგ მილიციელები დამიძმაკაცდნენ, სუფრაზე ხშირად მეპატიჟებოდნენ. ერთხელ ავტორიტეტებმა – „შავებმაც“ კი სუფრა გამიშალეს. გამიკვირდა, მილიცია პატივს მცემს, გასაგებია, მაგრამ თქვენ რა შუაში ხართ-მეთქი? – „აბა, გაიხსენე, ღინტუს რომ უთხარი, პატიმარს ჩიტის რძე არ მოაკლოო. ამის გამო ხარ დასაფასებელიო“ – მითხრეს.
მილიციელის თამაში ბევრს არ უნდოდა. გადასარევი პიროვნება იყო ფილმის რეჟისორი გურამ პატარაია. ვისხედით ხოლმე ექიმ დავითაიას ბუხართან, ის ყავას სვამდა, ჩვენ – ღვინოს.
ერთი ეპიზოდი გამახსენდა: აბაშის წყალში რომ გავდივარ – ნოემბერი იყო, ყინულივით ცივი წყალია, ერთიანად მაძაგძაგებდა, ნაპირზე კი ყვიროდნენ – ნახე, კაცო, რას თამაშობსო.
ერთ დილას ეროსი მანჯგალაძე თეატრში განერვიულებული მივიდა. კართან მსახიობები დახვდნენ, მოწყენის მიზეზი ჰკითხეს.
- ცუდი სიზმარი ვნახე, კაცო.
- რა ნახე, აღარ იტყვი?
- სერგო ზაქარიაძე ვნახე, მითხრა, სადა ხარ ამდენი ხანი, გეძებ, საქმე მაქვს შენთანო.
ძლივს დააწყნარეს ეროსი, - მიცვალებულის დასიზმრება დიდხანს სიცოცხლეს ნიშნავსო.
ბორის წიფურიას ეს ამბავი რამაზ ჩხიკვაძისთვის მოუყოლია.
მეორე დღეს რამაზი ეროსის ეუბნება:
- სადა ხარ, კაცო, დილიდან გირეკავ.
- რა გინდა?
- სიზმარში სერგო ვნახე, ზაქარიაძე. მკითხა, ეროსი ხომ არ გინახავს, მასთან სერიოზული საქმე მაქვსო. - ვაიმე, - აფორიაქდა ეროსი, - რა უნდა, კაცო, ჩემგან, რა საქმე აქვს?
ატყდა ერთი ხორხოცი. სიცილისგან ჩაბჟირებული მსახიობები ეროსის აწყნარებდნენ:
- ეროსი, რამაზი გეხუმრა, ნუ ნერვიულობო.
ბოლოს ყველა ერთად წავიდა მთაწმინდაზე და ბატონი სერგოს მოსაგონარი დალია. როგორც იქნა, ეროსი დაწყნარდა.
ქალბატონ მედეა ჩახავას სრულიად საქართველო იცნობდა, ამის მიუხედავად ერთხელ არაორდინალურ სიტუაციაში აღმოჩნდა.
„ჭადრაკის დიდი ტრფიალი ვიყავი და ჩემი ძირითადი მოწინააღმდეგე ბალეტის მსახიობი ვერა წიგნაძე გახლდათ.
ერთ საღამოს ვერას ვესტუმრე და გავაჩაღეთ ასპარეზობა. ზუსტად ვერ ვიტყვი, რამდენი პარტია ვითამაშეთ, მაგრამ ის კარგად მახსოვს, როგორ წამოგვეპარა შუაღამე.
ფაცხა-ფუცხით ჩამოვათავე კიბეები და ქუჩაში გამოვედი. შუაღამის სიმშვიდეა. ბედად ორი ავტოინსპექტორი შევნიშნე. ესენი თუ გამიჩერებენ მანქანას, თუ არა – ვიღუპები.
- საღამო მშიდობისა, მივესალმე ტაქტიანად.
- ეგრე იყოს, მერე? – აგდებულად ამხედ-დამხედეს. „ვერ მიცნეს“, ჩამწყდა გული. ყველაზე ცუდი მსახიობისთვის ის არის, რომ ქუჩაში ვერ გიცნობენ.
- იცით, - დავიწყე ბორძიკით – შემაგვიანდა და იქნებ, მანქანა გამიჩეროთ.
- სად იყავ, გოო ამ შუაბნელში, ჰა?! – დაინტერესდა ერთი.
- მე სად ვიყავი, ჩემი საქმეა, თუ ძნელი არაა, მანქანა გამიჩერეთ! – ვუთხარი უკვე მკაცრად.
- ეე, რა დიდ გულზეა, ჯოო! – ანერვიულდა მეორე ინსპექტორი, მაგრამ პირველმა ფეხი ფეხზე დაადო.
რას შვრები, შე ვირო? – აყვირდა „ფეხდაჭერილი“.
- ჯოო, ვერ იცან? – ისევ დაადგა ფეხი „მცნობელმა“.
- ვერა, შენ იცან, რო?
- ნონაა გაფრინდაშვილი, შე აჯამო!
- ვაა! – ეხლავე ყველაფერს გავაჩალიჩებთ, ქალბატონო ნონავ! – დაიძახა ინსპექტორმა და დანჯღრეული „მოსკვიჩი“ გამიჩერა. რაღას დავეძებდი.