ომბუდსმენის პრევენციის ჯგუფის წევრებმა ქსნის #15 დაწესებულებაში 13  პირამოკერილი მსჯავრდებული მოინახულეს

ომბუდსმენის პრევენციის ჯგუფის წევრებმა ქსნის #15 დაწესებულებაში 13 პირამოკერილი მსჯავრდებული მოინახულეს

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ომბუდსმენის პრევენციის ჯგუფის წევრებმა ქსნის #15 დაწესებულებაში  პირამოკერილი მსჯავრდებულები მოინახულეს

ომბუდსმენის აპარატის ცნობით,  მონიტორინგის დროს პრევენციული ჯგუფის წევრები შეხვდნენ 13 მსჯავრდებულს, რომელთაც პროტესტის ნიშნად ამოკერილი აქვთ პირი. მსჯავრდებულების განმარტებით,  ისინი უკმაყოფილო არიან დაწესებულებაში არსებული სამედიცინო მომსახურებით.

მათი თქმით, გაუარესდა სამედიცინო მომსახურება, რაც გამოიხატება იმაში, რომ აღარ ხდება იმ ინტენსივობით პატიმართა გადაყვანა N18 დაწესებულებასა და სამოქალაქო სექტორის კლინიკებში, როგორც ხდებოდა ბოლო თვენახევრის განმავლობაში.

მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ N15 დაწესებულებაში ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ, დაწესებულების თანამშრომლები გამომწვევად და უხეშად ექცევიან.

„მსჯავრდებულები ასევე მიუთითებენ ადმინისტრაციის მხრიდან დაწესებულ შეზღუდვებზე. კერძოდ, მათ ეკრძალებათ სასადილოში საუბარი; სხვა საცხოვრებელ კორპუსში გადასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებიან სამარტოო საკანში მოთავსებით. მსჯავრდებულების გადმოცემით,,ამჟამინდელი დირექტორი გარკვეული პერიოდის წინ მუშაობდა თბილისის N1 დაწესებულებაში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, რა დროსაც პატიმრებს აყენებდა შეურაცხყოფას. გარდა ამისა, მსჯავრდებულები უკმაყოფილებას გამოთქვამენ დაწესებულების სოციალური სამსახურის მუშაობით.

ზემოაღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით, პატიმართა თქმით, დაწესებულების ახალ ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულების დიდი ნაწილი აპირებს წერილობით მიმართოს საქართველოს სასჯელაღსრულების,პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს“,- ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის ანალოგიური პრეტენზიებით N15 დაწესებულების სხვა ნაწილებში განთავსებულ პატიმრებს არ მიუმართავთ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ მსჯავრდებულებთან გასაუბრებისას შედგენილი ოქმის ასლი რეაგირებისთვის საქართველოს სასჯელაღსრულების,პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გადაეგზავნა.