ჯეფ  ბეკს “ცოცხალი ლეგენდის” წოდება მიენიჭა

ჯეფ ბეკს “ცოცხალი ლეგენდის” წოდება მიენიჭა

რამდენიმე დღის წინ მუსიკალურმა გამოცემა “Classic Rock”-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცნობილ გიტარისტს, 67 წლის ჯეფ ბეკს “ცოცხალი ლეგენდის” ტიტული მიენიჭა.

 

ზემოთ დასახელებული ჟურნალი მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში “The Classic Rock Roll Of Honour”-ის საზეიმო ცერემონიალს ჩაატარებს. ამ ღონისძიებაზე დაასახელებენ რამდენიმე ნომინაციაში გამარჯვებულ როკ ჯგუფებსა და შემსრულებლებს.

 

დაჯილდოების ცერემონიალი თვენახევრის შემდეგ გაიმართება, ერთ ნომინაციაში გამარჯვებული კი უკვე გამოავლინდა და ჯეფ ბეკს ლონდონში ამ ტიტულს ოფიციალურად მიაკუთვნებენ.

 

67 წლის გიტარისტის კარიერა ჯგუფ “The Yardbirds”-ში დაიწყო. შემდეგ საკუთარი ჯგუფი “Jeff Beck Group” ჩამოაყალიბა, სადაც ცნობილ შოტლანდიელ მომღერალ როდ სტიუარტთან ერთად გამოდიოდა.

 

მაგრამ დავუბრუნდეთ გამოცემა “Classic Rock”-ის მიერ დაგეგმილ ღონისძიებას.

 

ნომინაციაში “წლის საუკეთესო როკ ჯგუფი” წარმოდგენილები იქნებიან “Foo Fighters”, “Iron Maiden”, “Metallica” და ახალი ჯგუფი “Black Country” გლენ ჰიუზისა და ჯეისონ ბონემის მონაწილეობით.

 

“2011 წლის საუკეთესო როკ ალბომის” ნომინაციაში მონაწილეობას მიიღებენ “Journey”, “Motorhead” და “Whitesnake”. ჯეფ ბეკს ამ კატეგორიაში საკუთარი ალბომი “Rock"n" Roll Party” ექნება წარმოდგენილი.

 

ჯეფ ბეკი 2003 წელს გამოცემა “Rolling Stone”-მა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო გიტარისტების ჩამონათვალში შეიყვანა.