გუშინ ამერიკულმა ინტერნეტ საიტმა “Collider” ერთი საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. უახლოეს მომავალში ლეგენდარული ჯგუფი “Rolling Stones”-ის უბერებელი ლიდერი მიკ ჯაგერი ახალ სურათში მთავარი როლის შემსრულებლად მოგვევლინება.
საუბარია კინოპროექტზე, რომლის პირობითი სათაურია “ტაბლოიდი”. ამ სურათის გადაღებებზე ცნობილი მუსიკოსი პროდიუსერისა და მსახიობის სახით წარმოგვიდგება.
“ტაბლოიდის” გადაღება 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ჯერჯერობით ცნობილი არ არის მისი რეჟისორის ვინაობა. სამაგიეროდ ამ ფილმისათვის სცენარს ჯოშ ოლსონი დაწერს. მისი ბოლო ნამუშევარია სცენარი სურათისათვის “გასროლა”, რომელშიც მთავარი როლები ტომ კრუზმა და როზამუნდ პაიკმა შეასრულეს.
ფილმში “ტაბლოიდი” გაშუქებული იქნება ამერიკული მას-მედიის საქმიანობის ჩრდილოვანი მხარეები. მისი სიუჟეტური ღერძი აიგება მიკ ჯაგერის მიერ განსახიერებული მედიამაგნატის ირგვლივ. ეს პიროვნება რამდენიმე გამოცემის მფლობელია და მუშაობისას არაკანონიერ მეთოდებს იყენებს.
მხატვრული ფილმი “ტაბლოიდი” მსოფლიოს კინოეკრანებზე 2013 წლის თებერვალში გამოვა.