საქართველო ევროპის ფიქრებში

საქართველო ევროპის ფიქრებში


სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ორი წელი – რაც 2009 წელს ევროკავშირმა თავისი „აღმოსავლური პარტნიორობის“ პროგრამა (EaP) აამუშავა. EaP ომამდე დაიგეგმა, მაგრამ ომის შემდეგ ის დაჩქარდა საქართველოს და მისი აღელვებული მეზობლების დასარწმუნებლად იმაში, რომ ევროკავშირი ეწინააღმდეგება რუსეთის ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ამ რეგიონის მოსკოვის „გავლენის სფეროდ“ გადაქცევისკენ არის მიმართული.

მაგრამ აღმოსავლურ პარტნიორობას პატარა ბიუჯეტი აქვს, დიდწილად ტექნიკური პროექტების განხორციელებისთვის, და მან ცოტა რამ თუ გააკეთა აღმოსავლეთში ევროკავშირის გავლენის განმტკიცებისთვის. ერთადერთი გავლენიანი ევროპელი ლიდერი, რომელიც 2009 წლის მაისში, პრაღაში EaP-ის დაფუძნების ღონისძიებას ესწრებოდა ანგელა მერკელი იყო. შესაბამისად პროგრამის ხელახალ გააქტიურებას მეორე სამიტზე ვარშავაში (29-30 სექტემებრს) სჭირდება ლოზუნგი „კიდევ უფრო მეტი – მეტისთვის“ ანუ მეტი მხარდაჭერა პროგრამის მონაწილე სახელმწიფოებისთვის, რათა მათ გაატარონ უფრო მეტი რეფორმები.

„აღმოსავლური პარტნიორობა“ დღემდე წარმატების ისტორიას ეძებს. ბელორუსია, რომელიც ყოველთვის ყველაზე იზოლირებული იყო, 2010 წლის დეკემბრის არჩევნების პოლიტიკური კრიზისიდან ზაფხულის ეკონომიკურ კრიზისში გადაეშვა. სულ ახლახანს, უკრაინა იმედოვნებდა, რომ ხელს მოაწერდა ევროკავშირთან თანამშრომლობის შეთანხმებას და ღრმა და მრავალმხრივ ხელშეკრულებას თავისუფალ ვაჭრობაზე (DCFTA) ევროკავშირი-უკრაინის სამიტზე დეკემბერში. მაგრამ ამ შეთანხმებების გაფორმება დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს სამართლებრივად დევნიან, რასაც აშკარად პოლიტიკური საფუძველი აქვს.

უფრო მოშორებით აღმოსავლეთში, მთიანი-ყარაბახის ირგვლივ სომხეთს და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის საფრთხე საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო საქართველო დასაწყისშივე თავად გაემიჯნა EaP-ს. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქვეყანა თავის თავს ულტრა-ლიბერალურ ლოკომოტივად წარმოაჩენდა, მისი ჩინოვნიკები კი ევროკავშირს უტევდნენ, როგორც „სკლეროტიკულ ცივილიზაციას“, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდს, როგორც „გოსპლანს პოტომაკზე“.

ეს მხოლოდ რიტორიკა არ იყო. როდესაც ინსტიტუტების რეფორმირება გართულდა, ქართველებმა ისინი უბრალოდ გააუქმეს – ყველაზე ცნობილი მათგან საგზაო პოლიციაა და სურსათის ხარისხის ადგილობრივი სააგენტოც კი. მათ რეალურ პროგრესს მიაღწიეს კორუფციასთან ბრძოლაში: EBRD-ის 2011 წლის ანგარიშის თანახმად, დღეს ქართველთა 5%-ზე ნაკლები აცხადებს, რომ „არარეგულარულ გადასახადებს“ იხდის.

მაგრამ აღმასვლის 2004-2008 წლები (2007 წელს 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა), როგორც ჩანს, დასრულდა. 2010 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადმა 553.1 მილიონი (მშპ-ს 4,7%) შეადგინა – მკვეთრი ვარდნა 2007 წლის 2 მილიარდის (მშპ-ს 19%) შემდეგ. რუსული ბაზარი დაინგრა, საქართველოდან იმპორტზე რუსული ემბარგოს გამო. ადგილობრივი სურსათის ბაზრებზე თურქული იმპორტი დომინირებს, მიუხედავად ქართული ღვინის, ხილის და მინერალური წყლის ისტორიული რეპუტაციისა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) აღდგენაში ევროკავშირს დახმარება შეუძლია. საქართველოს მთავრობის მოულოდნელი ევრო-ენთუზიაზმი განსაზღვრა, როგორც 2008 წელს ნატოში მისწრაფების ჩაშლამ, ასევე ობამას ადმინისტრაციის „გადატვირთვის“ პოლიტიკამ რუსეთთან – რამაც განასკუთრებით აღაშფოთა ქვეყანა, სადაც თბილისისკენ მიმავალი აეროპორტის გზა უმცროსი ჯორჯ ბუშის სახელს ატარებს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეამცირა რიტორიკა საქართველოს სინგაპურიზაციაზე. ის კვლავ საუბრობს დერეგულაციასა და დაბალ გადასახადებზე, თუმცა სინგაპურის მეტაფორას გეოპოლიტიკურ ტერმინებში ამართლებს: ის ამტკიცებს, რომ საქართველო ძლევამოსილი მეზობლებით გარშემორტყმული რეგიონალური კვანძი და კოსმოპოლიტურ ნიადაგზე დაფუძნებული დინამიური ეკონომიკაა.

საქართველო EaP-ის სამიტისთვის ირონიული წარმატების ისტორიაა, მაგრამ ევროკავშირი როგორც ჩანს განაცხადებს, რომ ქვეყანა მზადაა უფრო სწრაფი სვლისთვის DCFTA-სკენ ორწელიწადნახევრიანი, ხშირად მტკივნეული „წინასწარი მოლაპარაკებების“ შემდეგ. ახლო ურთიერთობა ევროკავშირთან გულისხმობს ასევე პოლიტიკურ პარამეტრებს. საქართველომ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით მისი სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია მოახდინა, მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მკვეთრი წინააღმდეგობისა.

მაგრამ პოლიტიკურ სცენაზე მკვეთრი განხეთქილებაა ღრმად ფესვგადგმულ მმართველ ელიტას და სუსტ და დანაწევრებულ ოპოზიციას შორის. აქედან პირველს უკომპრომისოს რეპუტაცია აქვს, მეორემ კი, განსაკუთრებით მისმა მაქსიმალისტურმა ფრთამ, სააკაშვილის გადადგომის მუდმივი მოთხოვნებით საკუთარი თავის მარგინალიზაცია მოახდინა. მაისში თბილისში გამართულმა ხუთდღიანმა დემონსტრაციებმა, თითქოს შეგნებულად მოახდინა ძალადობის პროვოცირება. მთავრობამ აქციაზე სპეცრაზმის გამოყენებით თავი კარგად ვერ წარმოაჩინა, თუმცა ორ დემონსტრანტს, რომლებიც იმ დღეს დაიღუპნენ, თითქოს, ოპოზიციის ლიდერის კორტეჟი დაეჯახა.

საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის იანვარში იგეგმება. ამ დროს სააკაშვილის მეორე და საბოლოო ვადა იწურება. სააკაშვილი აცხადებს, რომ არ გაიმეორებს რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ნაბიჯს, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადაინაცვლა (რაც „პუტინი – პლუს“ სვლა იქნებოდა, რადგან 2010 წლის ოქტომბერში კონტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით პრემიერ-მინისტრის ძალაუფება გაიზარდა). მაგრამ ის ახალგაზრდაა (1967 წელს დაიბადა) და მისი მისია აღადგინოს კონტროლი აჯანყებულ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებზე დღემდე შეუსრულებელია.

საქართველო დღესაც ამტკიცებს, რომ მას შეუძლია ერთდროულად ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესებაც და თავისი უნიკალური ნიშნების შენარჩუნებაც. მაგალითად ის ამტკიცებს, რომ შეუძლია DCFTA-ს მიღება ადგილობრივი ექსპლუატაციური ხარჯების მხოლოდ მინიმალური გაზრდით. ის ცდილობს ასევე უცხოელი ინვესტორების დარწმუნებას იმაში, რომ მისი ლიბერტარიანული გული დღემდე ფეთქავს. ივლისში, მთავრობამ მიიღო „კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“, რომელიც ნებისმიერ ახალ სახელმწიფო გადასახადს რეფერენდუმის საგნად აქცევს და აწესებს კანონით სავალდებულო მაკროეკონომიკურ პარამეტრებს: ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა აღემატებოდეს მშპ-ს 3%, სახელმწიფო ვალი – მშპ-ს 60%-ს, სახელმწიფო ხარჯები მშპ-ს 30%-ს. ფისკალური დისციპლინა, როგორც ჩანს მხოლოდ ევროპის ჩრდილოეთით არ შემოიფარგლება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს ხელახალ მისწრაფებას ევროკავშირისკენ ხელს უწყობს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენის სურვილიც. იმ ფონზე, როდესაც ნატოს წევრობა თვალსაწიერი მომავლის პერსპექტივა აღარ არის, საქართველოს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ბოკერია, ევროკავშირს მოუწოდებს უფრო აქტიური სამხედრო როლი ითამაშოს რეგიონში და საქართველოში მისი მონიტორინგის მისია ბოსნიაში სამშვიდობო კონტიგენტის მსგავს ძალად გარდაქმნას.

საქართველო აღმოსავლეთში ევროკავშირის ახალი მოქნილობის ტესტი გახდება. ის ბევრ სფეროში მის მეზებლებზე წინ არის, თუმცა ზოგიერთი მიმართულებით, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების მხრივ, მათ ჩამორჩება. მაგრამ ამჯერად, როგორც ჩანს, უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პოლიტიკური ნება ორივე მხრიდან ჩნდება.

ენდრიუ ვილსონი – ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
foreignpress.ge