ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილი იმ არასამთავრობოებს პასუხობს, რომელთაც დავით დარახველიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს. განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

"ჩემს მიერ დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატად დავით დარახველიძის წარდგენას არასამთავრობო ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და საჯარო მოხელეების შერჩევისა და წარდგენისას მეტი სიფრთხილისა და პრინციპულობის გამოჩენისკენ მოგვიწოდეს.

მინდა გამოვეხმაურო იმ ინტერესს, რომელიც საზოგადოებამ გამოიჩინა ახალი მთავრობის წევრთა დანიშვნასთან დაკავშირებით და აღვნიშნო, რომ ეს არის ჯანსაღი პროცესი, რისი გამოცდილებაც ჩვენს ქვეყანას, სამწუხაროდ, აქამდე არ ჰქონია.

მე მივესალმები ამ გამოხმაურებას და ტენდენციას, რადგან ჩვენს ქვეყანაში ამდენ ხანს ხელისუფლების მხრიდან ყოველთვის იგნორირებული იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წინადადებები და შენიშვნები.

მე, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მზად ვარ შევხვდე და ვითანამშრომლო ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე საკუთარი პოზიცია გამოეთქვა მთავრობის წევრთა დანიშვნასთან დაკავშირებით.

ასევე უპრეცედენტოა შემთხვევა, როდესაც მინისტრობის კანდიდატი საჯაროდ, ტელევიზიით პასუხობს არასამთავრობოთა იმ შეკითხვებს, რომლებიც მათ გაუჩნდათ დავით დარახველიძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის დროს გაკეთებულ ზოგიერთ გამონათქვამთან დაკავშირებით.

აქვე მინდა განვაცხადო, რომ თუ გუშინდელი სატელევიზიო ეთერის შემდეგაც არასამთავრობო სექტორისთვის არასაკმარისი აღმოჩნდება დავით დარახველიძის განმარტებები, მე მზად ვარ მინისტრობის კანდიდატთან ერთად აღნიშნულ საკითხზე, დისკუსია გავმართო არასამთავრობო სექტორთან და მოვისმინო მათი შეხედულებები და წინადადებები"