“R.E.M.”-მა მშობლიურ უნივერსიტეტს საჩუქარი გაუკეთა

“R.E.M.”-მა მშობლიურ უნივერსიტეტს საჩუქარი გაუკეთა

პოპულარული ამერიკული ჯგუფის “R.E.M.”-ის წევრებმა თანხმობა განაცხადეს, რომ მათი კომპოზიცია “Oh My Heart” სარეკლამო მიზნებისათვის გამოეყენებინათ. საუბარია იმ ვიდეორგოლზე, რომელიც ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტმა გადაიღო და მსურველებს ამ სასწავლო დაწესებულებაში იწვევს. ჯგუფის ზემოთდასახელებული კომპოზიცია ამ ვიდეორგოლის საუნდრეტკს წარმოადგენს.

 

ცნობილია, რომ ჯგუფი “R.E.M.” საკუთარი სიმღერების სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენების ნებართვას არასოდეს იძლეოდა.

 

მუსიკოსებმა გამონაკლისი მხოლოდ ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის გამო დაუშვეს. თავის დროზე ისინი ამ დაწესებულების სტუდენტები გახლდნენ.

 

მაიკლ სტაიპმა, მაიკ მილზმა, პიტერ ბაკმა და ბილ ბერიმ ერთმანეთი სწავლის დროს გაიცნეს. მალე მუსიკალური ჯგუფის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს და უნივერსიტეტს საბოლოოდ დაემშვიდობნენ.

 

კომპოზიცია “Oh My Heart” შესულია ჯგუფის მიერ მიმდინარე წელს ჩაწერილ უკანასკნელ ალბომში "Collapse Into Now”.

 

წინა კვირას ჯგუფის წევრებმა პროფესიული მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.

 

მუსიკოსების კომენტარებიდან ცნობილი გახდა, რომ  ეს გადაწყვეტილება თავად მიიღეს. მათ შორის არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. 31 წლიანი მუსიკალური მოღვაწეობის განმავლობაში ყველა დასახულ მიზანს მიაღწიეს და ამჟამად კარიერას ვალმოხდილები ასრულებენ.

 

“მუსიკოსის ცხოვრება მეტად მძიმეა. მრავალი წლის განმავლობაში დასვენების საშუალება ფიზიკურად არ გვქონია. ამ ცხოვრებაში ყველაფერს მივაღწიეთ და მომავალი საქმიანობისათვის უბრალოდ სტიმული აღარ გაგვაჩნია. ძალიან დავიღალეთ და გვსურს ამიერიდან პირადი ცხოვრებით დავტკბეთ” – განაცხადეს “R.E.M.”-ის  წევრებმა.

 

ცნობილია, რომ მიმდინარე წლის დასასრულს ჯგუფი საუკეთესო კომპოზიციებისაგან შემდგარ ალბომს გამოუშვებს, შემდეგ კი საკონცერტო სცენიდან სამუდამოდ გაუჩინარდება.