ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა უნდა გახსნას

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტმა უნდა გახსნას

რეგლამენტის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გახსნას.

ამის შემდეგ ქვეყნის პირველი პირი სიტყვას უხუცეს პარლამენტის წევრს გადასცემს, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.

 ამის პატივი ახალ პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულ დეპუტატობის კანდიდატს,  ცნობილ მოქანდაკე გოგი ოჩიაურს ხვდა წილად, რომელსაც 85 წელი უკვე შეუსრულდა.

პარლამენტის პირველ სხდომას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ესწრება. ასევე,  სხდომაზე შეიძლება მიწვეულ იყვნენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი,  ქვეყნის სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს კითხულობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: „მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში“. ფიცის ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ამ ტექსტს, რის შემდეგაც სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე საკითხებს შემდეგი თანამიმდევრობით განიხილავს: - აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს, შექმნის კომიტეტებს და რეგლამენტით დადგენილი წესით აირჩევს მათ თავმჯდომარეებს, რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

2012 წლის პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში, 21 ოქტომბერს,  13:00 საათზე გაიხსნება. კონსტიტუციით და რეგლამენტით დადგენილი წესის თანახმად, პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩეულად გამოაცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედს. პირველი სხდომა კი იმ შემთხვევაში იხსნება, თუ მას ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება.

ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე უფლებამოსილება შეუწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.