გუშინ დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა წინა კვირის მუსიკალური ალბომების ახალი რეიტინგი.
ამ ჩამონათვალში ლიდერობა ხელთ იგდო ჯგუფი “Kasabian”-ის ახალმა სტუდიურმა ნაშრომმა “Velociraptor!”. ეს ალბომი გაყიდვაში მიმდინარე წლის 19 სექტემბერს გამოვიდა.
საინტერესოა, რომ ზემოთ დასახელებული სტუდიური ჩანაწერი ჯგუფის არსებობის პერიოდში რიგით მეოთხეა. თავის დროზე წინა სამი ალბომიც გამოსვლისთანავე ბრიტანული ჩართების სათავეში მოექცა.
მეორე საფეხურზე მომღერალი ედი შერიდანის ალბომი “+” აღმოჩნდა, მესამეზე კი სოულის სტილის შემსრულებელი ადელის ნამუშევარი “21”-ია.
წინა კვირის ბრიტანული მუსიკალური ალბომების რეიტინგის პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
1. "Velociraptor!" - Kasabian
2. “+” – ედი შერიდანი
3. “21” – ადელი
4. “Classic” – ჯო მაკელდერი
5. "Duelts II” – ტონი ბენეტი
6. "Playing In The Shadows" - Example
7. "Nothing But The Beat” – დევიდ გეტა
8. "Echoes” – უილ იანგი
9. "Lovestrong” – ქრისსტინა პერი
10. "19” – ადელი
ბრიტანული ალტერნატიული როკ ჯგუფი “Kasabian” ქალაქ ლესტერში 1999 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკალური კრიტიკოსები მას ახალ “Oasis”-ად მიიჩნევდნენ, ზოგიერთები კი "Rolling Stones”-ის ტრადიციების გამგრძელებლებად თვლიდნენ.
ჯგუფის ამჟამინდელ შემადგენლობაში შედიან ტომ მეიგანი, სერჯიო პიცორნო, კრის ედვარდსი, იენ მეტიუზი და ჯეი მელერი.
“Kasabian”-ის ყველაზე ცნობილი თაყვანისმცემელი პოპულარული მსახიობი არნოლდ შვარცენეგერია. რამდენიმე წლის წინ ჯგუფი საგასტროლო ტურნეში აშშ-ში იმყოფებოდა და როდესაც კონცერტების ჩასატარებლად კალიფორნიას ეწვია, შვარცენეგერმა და მისმა ქალიშვილმა კეტრინმა “Kasabian”-ის წევრები პირადად გაიცნეს.