ასლან უსოიანი სოხუმიდან მოსკოვში ლუჟკოვის თხოვნით ჩავიდა

ასლან უსოიანი სოხუმიდან მოსკოვში ლუჟკოვის თხოვნით ჩავიდა

პოსტსაბჭოთა სივრცის პოლიტიკური ლიდერები ე.წ. „კანონიერი ქურდების“ მართვაში გამოყენების მანკიერ ტრადიციაზე უარს არ ამბობენ. არცერთ მაღალჩინოსანზე თავდასხმას ისეთი გამოხმაურება არ მოჰყოლია, როგორიც მოსკოვში ასლან უსოიანის, იგივე „დედ ჰასანის“ დაჭრას მოჰყვა.

 

მედიაში აღმოსავლეთ ევროპის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდის“  და პუტინ–ლუჟკოვის სახელისუფლებო კლანის მჭიდრო კავშირებზე საუბრობენ. ჩვენებური თემურ შაშიაშვილი კი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი „დედ ჰასანთან“ და მის გარემოცვასთან არის შეკრული.

 

საუბარია იმაზეც, რომ ასლან უსოიანი იური ლუჟკოვის პატრონაჟის ქვეშ ბოლო დროს ოკუპირებულ აფხაზეთს აფარებდა თავს. რაც შეეხება „დედ ჰასანის“ და ვლადიმერ პუტინის კავშირებს, ერთ–ერთი ვერსიით ის საფუძველს პუტინის პეტერბუგში მოღვაწეობიდან იღებს, როდესაც ასლან უსოიანმა მისგან გარკვეული მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო.

 

უსოიანის „რეზიდენცია“ დღესაც მდებარეობს სანკტ-პეტერბურგში, საიდანაც ის მართავს თავის კლანის საქმიანობას, რომლის გავლენაც მთელ რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაზე ვრცელდება.

 

„კრიმინალური სამყაროს „მეფედ“ შერაცხულ „დედ ჰასანს“, ასლან უსოიანს, რუსეთის პრემიერ-მინისტრთან გარკვეული კავშირები აქვს, ხოლო მოსკოვის მერთან იური ლუჟკოვთან დაახლოებული პირია“, – ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ მოსკოვიდან აცნობეს.

 

იმავე წყაროს ცნობით, ასლან უსოიანი რომელიც ბოლო დროს თავს აფხაზეთს აფარებდა, მოსკოვში სწორედ ლუჟკოვის თხოვნით ჩავიდა, რომელსაც არც თუ სახარბიელო პოლიტიკური დღეები უდგას.

 

„დედ ჰასანის“ აფხაზეთში ცხოვრებისა და ხელშეუხებლობის გარანტიები კი სწორედ იური ლუჟკოვის სახელს უკავშირდება.

 

ასლან უსოიანზე თავდასხმა მოულოდნელი ფაქტი აღმოჩნდა. როგორც სააგენტოს აცნობეს, სავარძელშერყეული მერის და ჯერ კიდევ მისი მფარველის - რუსეთის პრემიერ მინისტრის უშუალო დავალებით შემთხვევის ადგილას მოსკოვის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი გენერალ-ლეინტენანტი ვლადიმერ კოლოკოლცევი მივიდა.  

 

ჟურნალისტების შეკითხვას, რითი იყო ასეთი მაღალი „ჩინის“ უსოიანზე თავდასხმის ადგილას გამოჩენა, კოლოკოლცევმა უპასუხა, რომ „ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია“ და მას დროდადრო უწევს ასეთი შემთხვევის ადგილებზე გასვლა.

 

თუმცა, რუსული მედია კოლოკოლცევის „შემთხვევის ადგილას“ გამოჩენას “ზევიდან მიღებულ დავალებას” უწოდებს.

 

„ეს იყო უშუალოდ ლუჟკოვის თხოვნა, უფრო სწორად – მუდარა, რადგან მისი მოწვევით მოსკოვში ჩასულ უსოიანზე განხორციელებული თავდასხმა კრიმინალური სამყაროსთვის და თავად უსოიანისთვის, რომელიც სასწაულებრივ გადარჩა, შესაძლოა ლუჟკოვისთვის დასასრული გახდეს“, – განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ წყარომ.

 

აღსანიშნავია, რომ სწორედ ლუჟკოვის თხოვნით, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის ფავორიტად ითვლება, 2008 წლის 2 მაისს ასლან უსოიანმა მოიწვია „კრიმინალური სამყაროს“ ლიდერთა შეკრება, სადაც განიხილეს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის გამოყოფილი თანხების კონტროლის მექანიზმი. რუსეთის სახელისუფლებო წრეებიდან კი სოჭის ოლიმპიადის ფინანსებს უშუალოდ ვლადიმერ პუტინი კურირებს.

 

რაც შეეხება „დედ ჰასანის“ და ვლადიმერ პუტინის კავშირებს, როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები აცხადებენ, ის საფუძველს პუტინის პეტერბუგში მოღვაწობიდან იღებს, როდესაც ასლან უსოიანმა მისგან გარკვეული მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო.

 

„ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, უსოიანმა პუტინს მინიმალური პრობლემები შეუქმნა და მან სანდო პიროვნების იმიჯიც დაიმსახურა. სწორედ ამ სანდოობას უკავშირდება 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის გამოყოფილი სახსრების კონტროლის საკითხის მისთვის ჩაბარება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს „მეფედ“ შერაცხული „დედ ჰასანი“ რუსეთში კრიმინალურ სამყაროში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სწორედ აფხაზეთს აფარებდა თავს. იგი 27 აპრილს კიევის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს. დაკავების ოფიციალურ მიზეზად საზღვრის უკანონო გადაკვეთა და უკრაინაში არალეგალურად ყოფნა დასახელდა. უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, „დედ ჰასანის“ რუსეთში დეპორტირება განხორციელდა, საიდან იგი აფხაზეთში გაემგზავრა.

 

უსოიანი იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ, ერთ-ერთი ვერსიით, მისი ამჟამად მოსკოვში გამოჩენა შვილის მონახულებას უკავშირდება.

 

მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის და „კანონიერი ქურდის“ ასლან უსოიანის კავშირებზე საუბრობს. შაშიაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა „დედ ჰასანთან“ კონტაქტები მას შემდეგ დაამყარა, რაც ტარიელ ონიანს ევროპაში პრობლემები შეექმნა.

 

„მას შემდეგ, რაც ევროპაში ონიანის მიმართ მძიმე პროცესები დაიწყო, სააკაშვილმა მისი საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა, რათა დაემტკიცებინა, რომ მასა და ონიანს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. ამის შემდეგ „ქურდულ სამყაროში“ ქურდები ორ ნაწილად დაიყვნენ, სააკაშვილი ონიანის ქურდებს განუდგა, „დედ ჰასანის“ ქურდებს კი შეეკრა და მას შემდეგ მათ მიმართ კარგად არის განწყობილი“, – აცხადებს შაშიაშვილი.

 

მისივე თქმით, სააკაშვილისა და „დედ ჰასანის“ შეხვედრა პირველად ევროპაში, ონიანის წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებამდე ორი თვით ადრე გაიმართა. მოგვიანებით კი ისინი ერთმანეთს უკრაინაში შეხვდნენ.

 

„თეთრების“ ლიდერის მტკიცებით, რუსეთის სპეც-სამსახურები სააკაშვილისა და ასლან უსოიანის კავშირების შესახებ ინფორმაციას ფლობენ, თუმცა არაფერს ამბობენ.

 

ამასთან, შაშიაშვილის ინფორმაციით, თბილისში დაბადებული ასლან უსოიანი ამჟამად საქართველოში დიდ კონტროლს აწესებს, განსაკუთრებით კი იქ, სადაც სომხები ცხოვრობენ.

 

შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს, 20:00 საათისთვის მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდს „დედ ჰასანს“ მოსკოვში ტვერის ქუჩაზე იმ დროს დაესხნენ, როდესაც იგი თავის დაცვის წევრთან ერთად შვილის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში შედიოდა.

 

რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია „დედ ჰასანის“ და მისი დაცვის წევრის გარდაცვალების შესახებ. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორივე ცოცხალია და მათ ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში ოპერაცია

 

„დედ ჰასანი“ ამჟამად ბოტკინის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. რუსული მედიის ცნობით, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტისა და მისი დაცვის წევრის არტურ ბაგრამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თავდასხმის დროს მასთან ერთად დაიჭრა, მძიმეა. დაჭრილებს მილიცია იცავს.

 

რუსი სამართალდამცველების ინფორმაციით, უსოიანს იმავე ტიპის იარაღიდან ესროლეს, რომლითაც თავის დროზე კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი „იაპონჩიკი“, იგივე ვიაჩესლავ ივანკოვი მოკლეს.

 

73 წლის ასლან უსოიანი რუსეთისა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად ითვლება. 2009 წელს უსოიანსა და კიდევ ერთ ე.წ. კანონიერ ქურდს ტარიელ ონიანს შორის, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „ტაროს“ მეტსახელით იცნობენ, კონფლიქტი წარმოიქმნა, რომლის მოსაგვარებლად მოსკოვში „იაპონჩიკი“ ჩავიდა. ვიაჩესლავ ივანკოვმა უსოიანის მხარე დაიჭირა. იმავე წლის ზაფხულში მასზე თავდასხმა განხორციელდა, რომლის დროსაც მიყენებული ჭრილობებით იგი შემოდგომაზე გარდაიცვალა.

 

ასლან უსოიანი, იგივე „დედ ჰასანი“ თბილისში არის დაბადებული.