სტინგმა მიუზიკლზე მუშაობა დაიწყო

სტინგმა მიუზიკლზე მუშაობა დაიწყო

ბრიტანული პრესის მტკიცებით, ცნობილი მომღერალი სტინგი უახლოეს თვეებში ახალ მიუზიკლზე მუშაობას შეუდგება. მომღერალი დაწერს მუსიკას სპექტაკლისათვის “უკანასკნელი ხომალდი”.

 

ახალ მიუზიკლს საფუძვლად დაედება სტინგის სტუდიურ ნაშრომში “The Soul Cages” შესული კომპოზიციები. ეს ალბომი მომღერალმა 1991 წელს ჩაწერა.

 

მიუზიკლისათვის ტექსტს ცნობილი დრამატურგი და რეჟისორი ბრაიან იორკი დაწერს.

 

ამ მუსიკალური დადგმის სიუჟეტი მეოცე საუკუნის 80-იან წლებში ქალაქ ნიუკასლში განვითარდება. წარმოდგენის მთავარი მომქმედი პერსონაჟი 30 წლის მამაკაცია, რომელიც მშობლიურ ქალაქსა და ოჯახს მრავალწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდება.

 

ბრიტანელი ჟურნალისტებისათვის უცნობია რომელი თეატრის სცენაზე დაიდგმება ეს სპექტაკლი და როდის გაიმართება მისი პრემიერა.