ბოლო დროს ქართულ ტელესივრცეში გამუდმებულად ტრიალებს მუსიკალური კლიპი – “აფხაზეთო ჩემო”. კლიპში გაჟღერებულ სიმღერას სამი ქართველი მომღერალი: ნინო სურგულაძე, გიორგი უშიკიშვილი და სოფო ნიჟარაძე ასრულებენ.
სიმღერის მოტივი ლირიულ-პატრიოტულია, თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში მუსიკალური კრიტიკოსები, რეჟისორები ჟურნალისტები, და საერთოდ, მუსიკის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული კლიპი როგორც თემატურად, ასევე შინაარსობრივად და მუსიკალურად კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან ბანალურია.
ამასთან ერთად, კრიტიკის საგანი გახდა კლიპისათვის გამოყოფილი არცთუ მცირე თანხა, რითაც ბევრი სხვა უფრო კარგი და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეიძლებოდა, თუნდაც აფხაზეთიდან დევნილებისათვის.
მუსიკალური კრიტიკოსი გაგა გობრონიძე
რაიმე შედეგი შეიძლება ჰქონდეს თუ არა, ასეთი ტიპის სიმღერებს კონფლიქტის მოგვარების საქმეში?
- ჯერ ჩამოვყალიბდეთ... რას ნიშნავს ”ასეთი ტიპის სიმღერები”? თუმცა მიახლოებით მივხვდი რასაც გულისხმობთ. შედეგი..? არ ვიცი , შედეგი არა მგონია მიღწეული იქნეს, თუმცა პირადად მე არც არაფერი საწინააღმდეგო მაქვს, იმიტომ რომ ”ასეთი ტიპის სიმღერები” არც არაფერს ”გააფუჭებენ”. იტრიალებს იტრიალებს ჩვენ ტელე სივრცეში და სათანადო ფორმატის რადიოებში (თუმცა ჩვენთან ამ ბოლო დროს ყველა რადიო რაღაც ეგეთი ”სათანადო ფორმატის” გახდა) და ეგ იქნება...
როგორია ამ სიმღერის და კლიპის მუსიკალური ღირებულება თქვენი აზრით?
- თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ღირებული ”ამ თემატიკაზე”...მხოლოდ ირაკლი ჩარკვიანმა შეძლო, რომელიც რობი კუხიანიძესთან ჩაწერა და მივიღეთ მართლა მინი-შედევრი. ხოლო ამ კომპოზიციას რაც შეეხება... არ ვიცი, ძალიან არქაულად მეჩვენა კლიპიც და სიმღერაც. ახალი არაფერი, მუდამ ერთი და იგივე პასაჟები და კადრებიც. რაღაც მომენტში ტურისტულ რეკლამას - ”ეს საქართველოა! ჩამოდით”-ს უფრო გავდა ვიდრე რაიმე სხვას... პირადად ჩემზე არაფრით არ უმოქმედია. ერთადერთი, ბატონი უშუკიშვილის ნამღერი და კადრებში გამოჩენაც ალბათ... ეგ არის კონკურენციის გარეშე. ეს ჩემი პირადი აზრია.
დანარჩენი ისევ ის ძველებური ქართული ბანალობაა არანაირი ნოვაცია ... მე ერთი რამ ვიცი ..”ასეთი ტიპის” სიმღერა თუ ის ღირებულია და მართლა მოაქვს მუხტი რაც საჭიროა, შემდეგში მინი-ჰიმნივით უნდა გახდეს, ყველას უნდა გაუჩნდეს სურვილი, რომ მინიმუმ წაიღიღინოს მაინც. არის აუამრავი მაგალითები თუნდაც თანამედროვე მუსიკის ისტორიიდან და ამ ყველაფრის ჩამოთვლას აღარც შევუდგები. და საერთოდ, ეს ”საოპერო-საპანაშვიდო” ნოტები არის აბსოლუტურად მოძველებული და ფაქტობრივი ანარქონიზმი. მათ შორის მუსიკალური თვალსაზრისითაც...”
ზაზა ბუაძე, რეჟისორი: “ასეთი სიმღერებისა თუ კლიპების მიზანი კონკრეტული ემოციის გამოწვევაა და, ცხადია, ძირითადად შიდა აუდიტორიისთვის კეთდება. მოგვწონს თუ არა, პროპაგანდა (ემოციური მუხტის შენარჩუნება თუ გაღვივება პროპაგანდის ნაწილია!) ყველგან არსებობს და ხანდახან საჭიროცაა!”
სოხუმელი ჟურნალისტი – კახა კვაშილავა
რამდენად შეუწყობს ხელს ასეთი ტიპის კლიპები აფხაზი და ქართველი ხალხის შერიგებას?
- კლიპები, რომ კონფლიქტებს აგვარებდნენ ან ხალხების შერიგებას უწყობდნენ ხელს, წარმოგიდგენია, რამდენი კონფლიქტი მოგვარდებოდა ერთბაშად... მაგრამ ასე არ ხდება...
გამართლებულია ამგვარ კლუპებზე ფულის ხარჯვა მაშინ როდესაც, დევნილები მრავალი სოციალური პრობლემის წინაშე დგანან?
- ამ კითხვაზე ასეთ პასუხს გავცემდი: არ ვიცი, რა ჯდება ამ კლიპების შექმნა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გაცილებით უფრო იაფია (თუ, რა თქმა უნდა, ბიუჯეტს ხელოვნურად არ „ბერავენ“ და ფულსაც არ „ტეხავენ“), ვიდრე დევნილების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარება.
თუ იცით, როგორი რეაქცია აქვთ აფხაზებს ასეთი სიმღერების მიმართ?
- იმ აფახაზებს, ვისთანაც მე ასე თუ ისე ვკონტაქტობ, ამ კლიპების მიმართ არანაირი დამოკიდებულება არ აქვთ. იმღერეთ და იცეკვეთ რამდენიც გინდათო...
დევნილ საზოგადოებას თუ მოსწონს ამგვარი სიმღერები და ისინი როგორ უყურებენ მსგავს აქციებს?
- ამ უკანასკნელი კლიპის მიმართ, დევნილების, ზოგადად, დამოკიდებულება არ ვიცი იმდენად, რამდენადაც ჯერ ახალი გამოტანილია „ქურიდან“ და სათანადოდ „დაგემოვნებულ“ - გაანალიზებული არაა. თუკი დამოკიდებულებაზე ვისაუბრებთ, მაშინ ცნობილ კლიპს „გამარჯობა აფხაზეთო შენი“ უნდა შევეხოთ.
ზუმბას და ბაიარ შაჰინის მიერ შემოთავაზებული ვერსია გაცილებით მისაღები და, შეიძლება ვთქვათ, შემრიგებლურიც იყო, რადგან იქ აფხაზური „ვარადას“ მოტივებიც ჟღერდა. კლიპში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა და თან შეურაცხმყოფელი სახეც მიიღო: ეს მდიდარი ვარსკვლავები, მდიდრული მანქანებით, თვითმფრინავებით თუ გემებით მიდიან და გვეძახიან: „არ მოდიხარ ჩვენთან, სოხუმში“.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, იმათ უნდათ სოხუმში წასვლა და მე, დევნილს, კი არა. ამასთან, ეს „ვარსკვლავებიც“ სოხუმში დასასვენებლად მიდიან... ამ კლიპმა აჩვენა, რომ ჩვენს მენტალობაში არაფერი შეცვლილა კონფლიქტების მიმართ. გახსოვს, აფხაზეთში გაგანია ომის დროს, ტელევიზიაში რეკლამა ტრიალებდა, რომელიც დანარჩენ საქართველოს დუბაიში შოპ-ტურებზე უხმობდა. აი, ეს იყო აფხაზეთის განცდა. რა თქმა უნდა, ბევრმა გულთან მიიტანა და სიცოცხლეც შესწირა აფხაზეთშიც (განსხვავებით იმ აფხაზეთელებისაგან, რომლებმაც აფხაზეთი 1992წ. 14 აგვისტოსვე მიატოვეს და სხვადასხვა ქვეყნებში გაიხიზნენ, აქაოდა, აფხაზებთან მე გასაყოფი არაფერი მაქვსო და ომიც ჩემი საქმე არააო).
პირადად თქვენი შეხედულებით, როგორი თემატური და მუსიკალური ღირებულება აქვს ამ სიმღერას?
- ამ უკანასკნელი კლიპის რეჟისურული გადაწყვეტილება ჩემთვის მისაღებია: აფხაზეთი არსად არ ჩანს, მაგრამ ყველგან იგულისხმება. ამასთან გატეხილი ნერგის გამთლიანებაც, კარგი მესიჯია. თუმცა ტექსტი, ალბათ, შეიძლება ოდნავ სხვანაირი ყოფილიყო.
მაგალითად: „ჩემი ზღვა და ჩემი მიწა დამიბრუნე, ღმერთო“ - ესე იგი, ის მიწა მხოლოდ ქარეთველისაა. ანუ, უკვე ჩვენ ვაძევებთ იქიდან აფხაზს. მესმის, რომ ამ კლიპების ერთ-ერთი დანიშნულება მისი ავტორებისათვის მოსახლეობაში პატრიოტული სულისკვეთების განმტკიცებაა და იმედის შენარჩუნება. თუმცა, ალბათ, ამის მიღწევა სხვა საშუალებით უფროა შესაძლებელი, ვიდრე კლიპებით.
არ მიყვარს ზემოდან „დაკვეთილი“ პატრიოტიზმი და დროშების ფრიალი. მაღიზიანებს, როცა ქართული ტვ-ები საინფორმაციო გამოშვებებს იმით იწყებენ, რომ რუსეთში არეულობაა, ხანძარია, მიტინგებს არბევენ, მსოფლიო აკრიტიკებს და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან მაგონებს სსრკ-ს პროპაგანდას, როცა „ვრემია“ იმით იწყებოდა, რომ დამპალ კაპიტალისტურ ქვეყნებში ხალხი „იღუპება“ და საბჭოთა კავშირში კი მიწიერი სამოთხეა. მერე რა, რომ რუსეთში ხანძრებია, მიტინგებს არბევენ, მსოფლიო თანამეგობრობა აკრიტიკებს. ჩვენ ამით უკეთ ვხდებით?!
მაღიზიანებს, მოწოდებებით ჯაჭვში დგომა და საპროტესტო აქციები, დროშების ფრიალი. სანამ ეს ყველაფერი გულიდან არ წამოვა, მანამ ქართველი ვერ იქართველებს. გულში აღვივებული პროტესტი უნდა გაყენებდეს ცოცხლა ჯაჭვში და გულშივე გაღვივებული ღირსები გრძნობა გაფრიალებინებდეს შენს დროშას. ეს კლიპებიც სწორედ ზემოდან წამოსული „პატრიოტიზმია“. ცოტა პათეთიკაში გადავიჭერი, მაგრამ ვერ ვიტან სიყალბეს”