ჯგუფი “R.E.M.” დაიშალა

ჯგუფი “R.E.M.” დაიშალა

ამერიკული მას-მედიის ინფორმაციით, ცნობილი ჯგუფი “R.E.M.”-ის წევრებმა პროფესიული მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.

 

მაიკლ სტაიპის, მაიკ მილზისა და პიტერ ბაკის კომენტარებიდან ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსებმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღეს. მათ შორის არანაირ კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. 31 წლიანი მუსიკალური მოღვაწეობის განმავლობაში მათ ყველა დასახულ მიზანს მიაღწიეს და ამჟამად კარიერას ვალმოხდილები ასრულებენ.

 

“მუსიკოსის ცხოვრება მეტად მძიმეა. მრავალი წლის განმავლობაში დასვენების საშუალება ფიზიკურად არ გვქონია. ამ ცხოვრებაში ყველაფერს მივაღწიეთ და მომავალი საქმიანობისათვის უბრალოდ სტიმული აღარ გაგვაჩნია. ძალიან დავიღალეთ და გვსურს ამიერიდან პირადი ცხოვრებით დავტკბეთ” – განაცხადეს ჯგუფის წევრებმა.

 

ცნობილია, რომ მიმდინარე წლის დასასრულს ჯგუფი საუკეთესო კომპოზიციებისაგან შემდგარ ალბომს გამოუშვებს, შემდეგ კი საკონცერტო სცენიდან სამუდამოდ გაუჩინარდება.

 

ამერიკული ჯგუფი “R.E.M.” 1980 წელს ჯორჯიის შტატში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ ვოკალისტი მაიკლ სტაიპი, გიტარისტი პიტერ ბაკი, ბასისტი მაიკ მილზი და ბას-გიტარისტი ბილ ბერი. ამ უკანასკნელმა ჯგუფი 1996 წელს მიატოვა.

 

პოპულარობას წინა საუკუნის 90-იან წლებში მიაღწიეს, როდესაც გაყიდვაში მათი ალბომები “Out Of Time” და “Automatic For The People” გამოვიდა.

 

თავის დროზე ჯგუფის კომპოზიციები “Losing My Religion” და “Everybody Hurts” მსოფლიო ჰიტებად გადაიქცა.

 

2007 წელს ჯგუფი აშშ-ის როკ-ენ-როლის დიდების მუზეუმში შეიყვანეს.