სამხრეთ კორეული ელექტროტექნიკა განთქმულია მთელს მსოფლიოში. მისი ერთ-ერთი გამორჩეული მწარმოებელი LG Electronics გახლავთ. იგი უკვე 63 წელია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში მსოფლიო ბაზარი თანდათანობით დაიპყრო.
გზა მწვერვალისაკენ
LG საკმაოდ ახალგაზრდა კომპანიაა. მისი ისტორია სათავეს 1947 წლის 5 იანვრიდან იღებს, როცა სამხრეთ კორეელმა კუ ინ ხოიმ კომპანია Lak Chemical Co დააარსა. თავდაპირველად იგი კოსმეტიკურ პრეპარატებს უშვებდა, შემდეგ კი თანდათანობით ბიზნესის მოდერნიზაციას შეუდგა, შვილობილი კომპანიები გახსნა, ახალი ტექნოლოგიები აითვისა და ქიმიური მასალების წარმოება დაიწყო. მალე მისი კომპანია ადგილობრივი ბაზრის დომინანტი გახდა.
1958 წლის 1 ოქტომბერს ჩანასახში მყოფ კორეულ ელექტრომრეწველობაში ახალი ერა დადგა - დაარსდა კომპანია Goldstar. მისი სასტარტო პროდუქცია გახლდათ კორეაში პირველი, 1959 წელს შექმნილი ტრანზისტორული რადიომიმღები. ამის შემდეგ კომპანია LG-მ პირველმა კორეაში გამოუშვა სხვადასხვა ელექტროსაქონელი: 1960 წელს დამზადდა ელექტროვენტილატორი, 1965 წელს - მაცივარი, 1966 წელს - შავ-თეთრი ტელევიზორი, 1968 წელს - სარეცხი მანქანა, 1970 წელს კი ავტომატური მრავალღილაკიანი ტელეფონი.
სწორედ LG-ის მიერ წარმოებული კავშირის რადიომიმღები გახდა პირველი სამხრეთ კორეული ელექტროსაქონელი, რომლის ექსპორტი აშშ-ში განხორციელდა. 1975 წელს კომპანიამ შექმნა ქვეყანაში პირველი კერძო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და აშშ-ში შვილობილი სავაჭრო განყოფილება. 6 წლის შემდეგ LG-მ ამერიკაში უკვე თავისი საწარმო გახსნა.
1974 წელს Lak Cherminal-ს Lucky Group ეწოდა. ამ დროისათვის მას უკვე მთლიანად აკონტროლებდა კუ ინ ხოი. კომპანია თანდათანობით ტექნოლოგიების იმპორტიორობიდან ექსპორტიორად ჩამოყალიბდა. კორეული ეკონომიკური საოცრება ხომ იაპონური და ამერიკული კომპანიების დახმარებით აიხსნება. გარდა ამისა,
ცხადია, მნიშვნელოვანი იყო პროტექციული მთავრობა, რომელიც თავისი ქვეყნის წარმოების მხარდასაჭერად ყველაფერს აკეთებდა.
მსოფლიო მონსტრი
70-იან და 80-იან წლები LG-ისათვის სწრაფი ზრდისა და ბიზნესის დივერსიფიკაციის პერიოდი იყო. კონცერნი მაღალ ტექნოლოგიებს სწრაფი ტემპით ითვისებდა და მსოფლიო ბაზრებს იპყრობდა. 1995 წელს განხორციელდა Lucky Group-ის და Goldstar-ის ერთიან კონცერნ LG-ში გაერთიანება.
ასე რომ, 21-ე საუკუნის დადგომის წინ LG გლობალური კულტურის მქონე ერთიან კომპანიად იქცა. იგი უკვე იყო არა კორეული ტრანსნაციონალური კომპანია, არამედ ფართოდ გავრცელებული სტრუქტურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შტაბ-ბინებითა და წარმოებებით და სეულში არსებული მართვის ცენტრით.
კონცერნის შემადგენლობაში ელექტრონიკის განთქმული მწარმოებლის LG Electronics-ის გარდა შედის 10 ერთობლივი და შვილობილი კომპანია, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ესენი გახლავთ:
LG Micron LTD - სპეციალიზირებულია ელექრო-სხივური მილების წარმოებაზე; LG Foster LTD - სახლის აუდიოსისტემებისათვის ფართო სპექტრის გამაძლიერებლების მიმწოდებელი; LG Semicon Co LTD - აწარმოებს საინფორმაციო სისტემებისათვის განკუთვნილ ინტეგრალურ მიკროსქემებს და თხევადკრისტალურ პანელებს; Gamal G Electronics - მასში შედის 56 ფილიალი, 19 სავაჭრო წარმომადგენლობა და 28 სამრეწველო საწარმო. სწორედ მის 25 სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში იწარმოება ტელე, აუდიო და ვიდეო სისტემების ახალი თაობები და პერსონალური კომპიუტერები; HiMedia - ეს გახლავთ ტელევიზიის, ტელეკომუნიკაციების, პერსონალური კომპიუტერების, აუდიო და ვიდეოტექნიკის მჭიდრო ინტეგრაცია, სადაც მომხმარებელს ხელი მიუწვდება საინფორმაციო რესურსებზე, გართობასა და თამაშებზე.
აქვე უნდა ითქვას იმ შთანთქმების შესახებ, რომლებიც კომპანიამ განახორციელა. 1994 წელს LG-მ შეიძინა ამერიკული კომპანია 3DOCorporation-ის აქციების 13 პროცენტი. გარდა ამისა, მყარი ურთიერთობა დაამყარა კომპიუტერულ გიგანტ IBM-თან. ერთი წლის შემდეგ კომპანიამ შეიძინა ამერიკული სატელევიზიო კომპანია ZENITH-ის 57 პროცენტი. ამგვარად, აშშ-მ დაკარგა სატელევიზიო ტექნიკის უკანასკნელი მწარმოებელი. დღეს კომპანია LG მყარად ლიდერობს ციფრული ვიდეოპლეერების და თხევადკრისტალური ტელევიზორების ბაზარზე.
2416
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85