ბაქრაძე: კონსტიტუციურად ჩვენ გვაქვს საშუალება პოლიტიკური კრიზისი შევქმნათ, თუმცა ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ

ბაქრაძე: კონსტიტუციურად ჩვენ გვაქვს საშუალება პოლიტიკური კრიზისი შევქმნათ, თუმცა ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციაზე როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, პრემიერ მინისტრს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი და არა თავად ბიძინა ივანიშვილი.

მისი თქმით, დღევანდელი კონსტიტუციით არსებობს ყველანაირი მექანიზმი იმისთვის, რომ პრეზიდენტისა და მათ მიერ, როგორც საპარლამენტო ოპოზიციისა, შექმნან პოლიტიკური კრიზისი და დანიშნონ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, თუმცა აღნიშნა, რომ ამას არ გააკეთებენ.

„პრეზიდენტ სააკაშვილს კონსტიტუციურად არაფერი უშლის ხელს, რომ წარადგინოს ვანო მერაბიშვილის მთავრობა, რომელსაც ახალი პარლამენტი არ დაამტკიცებს. ამას მოჰყვება პოლიტიკური კრიზისი და 6 თვეში ამას მოჰყვება რიგგარეშე არჩევნები. კონსტიტუციით ამის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა ამას არ ვაკეთებთ, რადგან პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს და ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა ბაქრაძემ და იმედი გამოთქვა, რომ  მისი ოპონენტებიც ელემენტარულ პატივისცემას გამოიჩენენ ქართული სახელმწიფოს და კონსიტუციის მიმართ.

დავით ბაქრაძის თქმით, დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი ქართველი ხალხის უპატივცემულობა და კონსტიტუციის დარღვევაა. მისი თქმით, ამ განცხადებით, ისინი მაგალითს აჩვენებენ ყველას, თუ როგორ უნდა სცენ პატივი ხალხის აზრს, სახელმწიფოს და დემოკრატიას და იმედი გამოთქვა, რომ ანალოგიურს გააკეთებს "ქართული ოცნებაც".

„დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, არის კონსტიტუციის და კანონმდებლობის დარღვევა. იმედი მაქვს ეს განცხადება დარჩება ივანიშვილის პოლიტიკური გამოუცდელობით გაკეთებულ განცხადებად," – აღნიშნა მან.