ჯონდი ბაღათურია ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

ჯონდი ბაღათურია ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

"ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და კოალიციის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს  საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ ის ერთიანი ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას შეძლებს.

ბაღათურია აცხადებს, რომ ის „ქართული ოცნების“ დაფიქსირებულ შედეგს ელოდა და აღნიშნა, რომ მისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოპოვებული ხმები იყო უფრო  მოულოდნელი.

„ყველამ ვიცოდით, რომ „ქართულ ოცნებას“ 60-70 % ჰქონდა გარანტირებული. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, წარმოუდგენელია მას 18%-სა და 20% ზე მაღალი აეღო. ის მონაცემებიც კი, რომელიც დაფიქსირდა, კარუსელებისა და სხვადასხვა ზეწოლების შედეგი იქნებოდა. რეალურად კი ბარიერსაც ვერ გადალახავდა, იმიტომ რომ ეს არის დამნაშავეთა ბანდა“, - განაცხადა ბაღათურიამ.

„ქართული დასის“ ლიდერი ასევე მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ აღნიშნული შედეგების აღიარებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ მმართველ ძალას აღიარონ დამარცხება როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ ოლქებში, ეს ერთმნიშვნელოვანი და ცალსახაა, ამიტომ მოვუწოდებ მათ ქვეყანაში სიტუაცია ხელოვნურად  არ დაძაბონ“, - დასძინა მან.