ქართულ ცხვარს არაბების გარდა, უკვე ირანელებიც ყიდულობენ

ქართულ ცხვარს არაბების გარდა, უკვე ირანელებიც ყიდულობენ

ბოლო ორი წელიწადია, რაც არაბი ბიზნესმენები ქართული ცხვარით დაინტერესდნენ. შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდებში, არაბები ქართველი მწყემსებისაგან ცხვარს მასიურად ყიდულობენ და როგორც თუში მწყემსები ამბობენ, არაბები ცხვარს სტანდარტულ ფასად – 100–120 დოლარად ყიდულობენ და ხშირად ყურადრებას არც კი აქცევენ ცხვრის ხარისხსა და წონას. ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი თუში მწყემსი არ მალავს, რომ მის მიერ არაბებისათვის მიყიდული ცხვრიდან საკმაოდ დიდი ნაწილი ბებერი და უხარისხო ცხვარი იყო, რასაც არაბები ადვილად შეამჩნევდნენ, თუმცა საყვედურიც კი არ დასცდენიათ, ისე შეიძინეს მისი ცხვარი. 
 
ცნობილი ამბავია, რომ არაბულ ქვეყნებში ცხვარის ფასი საკმაოდ ძვირია და ხშირად 700 დოლარზე მეტსაც კი შეადგენს. ქართული ცხვრის ასეთი სიიაფე კი არაბებს დიდ ბიძგს აძლევს და როგორც გაირკვა, არაბები ქართული ცხვრის შეძენას მომავალშიც აპირებენ. 
 
მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე – ბექა გონაშვილი ამბობს, რომ არაბების მიერ ქართული ცხვარით დაინტერესებამ, საქართველოში ცხვრის მოშენებით ბევრი ადამიანი დააინტერესა და მათ შორის ისეთებიც კი, რომლებსაც მსგავსი ტიპის ბიზნესთან აქამდე შეხება არასოდეს ჰქონიათ. ამას ჩვენთან საუბარში თუში მწყემსებიც ადასტურებენ და იმედი აქვთ, რომ სულ მალე მწყემსის პროფესია ადრინდელის მსგავსად მაღალშემოსავლიანი გახდება. ამის იმედი მეცხვარეთა ასოციაციაშიც აქვთ.

ბექა გონაშვილი, მეცხვარეთა ასოციაციის პრეზიდენტი: - “გაყიდვების თვალსაზრისით, წლევანდელი მონაცემები ჯერ ჯერობით ზუსტად არ ვიცით. დაახლოებით 40 000 სულამდეა ჩვენი ვარაუდით ექსპორტზე გასული 2010 წლის პირველი იანვრიდან, აქედან ნაწილი იანვარ-თებერვალ-მარტში იქნება ექსპორტზე გასული, დანარჩენი კი ივლისიდან დღემდე. შარშან ექსპორტზე გავიდა 266 000 სული, რომლიც ძირითადად არაბულ ქვეყნებს მიეწოდებოდა. წელს პირველად მოხდა ირანის ბაზრის ათვისება პირდაპირი საშუალებით, მესამე ქვეყნების გარეშე.

საშუალოდ, რამდენად გაიყიდა ერთი ცხვარი და მოხდება თუ არა გასაყიდი ცხვრის ფასის ზრდა?
- წელს ფასები კატასტროფულად არის მომატებული ამ ფასებით ძალიან ძნელია, რომ ჩვენმა ცხვარმა – თუშურმა ცხვარმა კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნებს. მოდით, ვთქვათ პირდაპირ. მაგალითად, ჩვენს ცხვარზე გაცილებით დიდი, რუმინული ცხვარი, სირიას, ლიბანს, იორდანიას და სხვა ქვეყნებს პირდაპირ მათსავე პორტებში მიეწოდებათ 100$-ად, ჩვენი ცხვარი კი თითქმის აქვე ღირს ეგ ფასი და ამას რომ გემით ტრანსპორტირება მივამატოთ, ფასი ძალიან ძვირი და არა რენტაბელურია.

ეს ტენდენცია რამდენად შეუწყობს ხელს საქართველოში ცხვრის მოშენებას?

- თავისთავად ამ პროცესებმა უკვე შეუწყო საქართველოში ამ სფეროს კვლავ პოპულარიზაციას, ვინაიდან მაგალითად შარშანდელ წლამდე ფასები 60-80 ლარის ფარგლებში მერყეობდა და ახლა თითქმის 60-70%-ით გაძვირდა, ეს თავისთავად უწყობს ხელს, მაგრამ გვაქვს მეორე პრობლემა: ჩვენ ვერ ვყიდით მატყლს, თუ იყიდება – მცირე რაოდენობით, ისიც – მიზერულ ფასად: 1 ლარად, ან 1 ლარად და 20 თეთრად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ბაზრის მოძიება, რათა გლეხმა თავისი შემოსვლების დივერსიფიკაცია მოახდინოს.

თუშეთის გარდა, საქართველოს სხვა რეგიონებში (მაგალითად: თიანეთში, ხევსურეთში, ქვემო ქართლში, კახეთში და სხვა...) თუ გაიზარდა ცხვრისადმი ინტერესი და არაბი ბიზნესმენები თუ ყუდულობენ სხვა კუთხეებშიც ცხვარს?
- მე პირდაპირ გეტყვით, რომ თუშეთი ამ ბაზრის მხოლოდ 30%-ია და დანარჩენი ნაწილი სწორედ დანარჩენ რეგიონებზე მოდის, მაგრამ სამწუხაროდ ამას ვერ ვიტყვი ყაზბეგის, ხევსურეთისა და თიანეთის მხარეებზე, ვინაიდან იქ ცხვარი ძალიან მცირე რაოდენობითღა ყავს ხალხს, არ გვხვდება მსხვილი მეცხვარეები, რომელებსაც საკმაო რაოდენობით ჰყავთ.

თქვენი ორგანიზაცია მეცხვარესა და მყიდველს შორის შუამავლის ფუნქციას კისრულობს, თუ სხვა ფუნქციებიც გაქვთ?
- ასოციაციამ შუამავლის როლი ნამდვილად არ უნდა შეასრულოს და ამისთვის სხვა უამრავი ხალხი არსებობს. ჩვენი ასოციაციის მიზანია, მეცხვარების პრობლემების გაცნობა და მოგვარება, მათი ამ პრობლემების მიტანა მთავრობამდე, და სხვა ამგვარი საკითხები, მაგალითად ჩვენი ასოციაცია თავიდან ბოლომდე იყო ჩართული ცხვრის გადასარეკი ტრასების პრობლემების შესასწავლად და ახალი გარემოებების გამო ბევრ ადგილას პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ახალი ტრასა შეიქმნა. 

ეს ყველაზე დიდი პრობლემა იყო მეცხვარისთვის, ვინაიდან ძალიან იყო ტრასები მოუწესრიგებელი, არც სახელმწიფო აქცევდა მას ყურადღებას და იურიდიულად არც ვინმეს საკუთრებას წარმოადგენდა. კანონით აღიარებული სახელმწიფო და ამავე დროს გაუსხვისებელი მიწები, მისი გასხვისების უფლება არავის ქონდა, თუმცა წლების განმავლობაში ბევრი მიტაცებები იყო. ასევე ზოგიერთ ადგილას არის ხიდების პრობლემები, გასაბანებლების მოწყობა, დასასვენებლების მოწყობა და სხვა პრობლემები. შემდეგ ნელა ნელა გადავალთ სხვა საჭირბოროტო საკითხებზე. პირდაპირ გეტყვით, რომ უამრავი პრობლემაა ამ სფეროში და ეს ნელა–ნელა ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ გამოვასწოროთ.

საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ რომ გადაწყვიტოს ცხვრის მოშენება, თქვენი აზრით ბიზნესის კუთხით რამდენად გამართლებული იქნება ეს ნაბიჯი და თუნდაც იგივე არაბები, მისგანაც თუ შეიძენენ ცხვარს?
- არაბები ცხვარს ყიდულობენ, ასე რომ, მათთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ და რამდენს მოაშენებს. მეორე საკითხია რამდენად შეძლებს "ნებისმიერი" მოქალაქე მის მოშენებას და ამ ბიზნესის გაძღოლას, ვინაიდან სოფლად ეს ლამის ოჯახურ საქმედ არის ქცეული, ანუ ოჯახი მისდევს მეცხვარეობას და აქ 3 წლის ბავშვმა უფრო მეტი იცის ვიდრე თბილისში მყოფმა მეცხვაორების ან სხვა დარგის მეცნიერ-მუშაკმა. პატარა ბავშვიც კი უდანაკარგოდ ადოლებს ლამის მთელ ფარას, მაშინ როცა დილეტანტს შეიძლება წლები დაჭირდეს ამ გამოცდილების შესაძენად. ასე რომ, თუ ვინმე გადაწყვეტს ამ საქმეს ხელი მოკიდოს, პირველ რიგში ძალიან სერიოზულად უნდა დაფიქრდეს რამდენად მზად არის 365 დღე წელიწადში გაატაროს საქონელთან მინდვრად. ჩვენ ნებისმიერ ასეთ ადამიანს დავეხმარებით ვინც მოგვმართავს, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა.

არაბების გარდა, ქართველი ბიზნესმენებიც თუ არიან დაინტერსებული ცხვრის შესყიდვით?
- თავისთავად არიან დაინტერესებულები. მეტსაც გეტყვით, ბევრმა თავის რეგულარულ ბიზნესს თავი დაანება და ცხვრის ბიზნესში ეძებს შემოსავლის წყაროს. ვინ რამდენად ახერხებს ამას მეორე საკითხია, ვინაიდან როგორც გითხარით ეს საქმე ყმაწვილობიდან უნდა მოგდევდეს და გენში გქონდეს რაღაცნაირად, თორემ ერთ და ორ წელიწადში მას ვერ აითვისებთ და ბევრი შანსია, რომ თქვენი უცოდინრობით სხვამ კარგად ისარგებლოს.