დღეს აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში ერთი ჩვეულებრივი აუქციონი ჩატარდება, რომელზეც გასაყიდად საინტერესო დოკუმენტს გამოიტანენ. საუბარია კონტრაქტზე, რომელიც 1965 წელს ლეგენდარული ჯგუფი “The Beatles”-ის მენეჯერ ბრაიან ეპსტაინსა და კალიფორნიის “Cow Palace”-ს ადმინისტრაციას შორის გაფორმდა. აუქციონზე ამ ხელშეკრულების საწყისი ფასი 5 ათასი დოლარია.
ამერიკელი ჟურნალისტები ამ კონტრაქტით არც კი დაინტერესდებოდნენ, ერთი საყურადღებო ნიუანსი რომ არა. ბრიტანელი მუსიკოსების კატეგორიული მოთხოვნით, ამ ხელშეკრულებაში შეტანილი იყო სპეციალური პუნქტი, რომლის თანახმადაც მათ კონცერტს შავკანიანი მსმენელებიც უნდა დასწრებოდნენ.
თვითმხილველების მონათხრობით, 1965 წლის 31 აგვისტოს, “Cow Palace”-ში ჩატარებული კონცერტის საორგანიზაციო მხარე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. წესრიგს 150 ადგილობრივი პოლიციელი იცავდა. ამის მიუხედავად ბრიტანული ჯგუფის რამდენიმე ათასმა ამერიკელმა თაყვანისმცემელმა თავდაცვითი ბარიერები გაარღვია და სცენაზე აიჭრა. წესრიგის დამყარებამდე “The Beatles”-ის წევრებს კულისებში გადანაცვლება მოუწიათ.
ზემოთნახსენებ კონცერტს რასობრივი უმცირესობის წარმომადგენლები და შავკანიანი მსმენელებიც დაესწრნენ. ცნობილია, რომ თავის დროზე ჯგუფის წევრები სოლიდარობას უცხადებდნენ აშშ-ის შავკანიან მოსახლეობას თავიანთი უფლებებისათვის ბრძოლაში. იმ პერიოდს ეკუთვნის პოლ მაკარტნის მიერ შექმნილი კომპოზიცია “Blackbird”.
1964 წელს, “The Beatles”-ის წევრებმა ჩაშალეს კონცერტი, რომელიც დაგეგმილი იყო ფლორიდას შტატის ქალაქ ჯექსონვილის “Gator Bowl”-ის სპორტულ სარბიელზე. მიზეზი ის გახლდათ, რომ ამ ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ თეთრკანიანებს მიეყიდებოდათ.