არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" „ფოტორეპორტიორების საქმის“ ხელახალ გამოძიებას მოითხოვს.
ამასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას აქვეყნებს.
განცხადების თანახმად, საქმის ხელახალი გამოძიება იმ ახალი გარემოებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რომელზეც ერთ-ერთმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ „ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ერთ-ერთი ფოტორეპორტიორის, გიორგი აბდალაძის ინტერვიუმ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ პატიმართა მიმართ სისტემატური ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შეურაცხყოფის შესახებ ფაქტებს კიდევ უფრო მეტად მოჰფინა ნათელი. აბდალაძე და მისი კოლეგები ბრალის აღიარებისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც ინტერვიუდან გახდა ცნობილი, ყალბი ვიდეო-აღიარება იძულებით არის მიღებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად მოვლენების განვითარების დროს ეჭვქვეშ აყენებდა გამოძიების ოფიციალურ ვერსიას, მოითხოვდა ჟურნალისტების გათავისუფლებას და მონაწილეობა მიიღო რამდენიმე დემონსტრაციაში, რომელიც მიმართული იყო ჟურნალისტების მხარდასაჭერად, იმ მოთხოვნით, რომ მათ საქმეს გრიფი საიდუმლო მოხსნოდა. ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ახლად აღმოჩენილი გარემოებებიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.