ფოთში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ეკა ბესელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ფოთში ღამის საათებში პროვოკაციულ ვითარებებს ქმნიან.
ბესელიას განცხადებით, გუშინ ფოთში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ საარჩევნო შტაბზე თავდასხმა მოხდა და მას მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.
მისი თქმითვე, გუშინ ღამითვე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ფოთში „ქართული ოცნების“ ის ერთადერთი ბანერი ჩამოხიეს, რომელიც გზაში იყო გაკრული.
„ღამით მოხდა ოფისზე თავდასხმა და ბანერის დაზიანება. ისინი საკმაოდ აგრესიულები იყვნენ ჩვენი აქტივისტების მიმართ. შემდეგ კი სასამართლომ კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს გოდერძი შონიასა და გიზო ცაავას 40 დღიანი ადმინისტრაციული პარტიმრობა შეუფარდა“, - განაცხადა ბესელიამ.
მისი განმარტებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში კოალიციის დაახლოებით 45 მდე აქტივისტია დაკავებული. ბესელიას მიაჩნია, რომ ეს აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედებებია და აღნიშნა, რომ ის არსებულ მეთოდებს უკანასკნელად იყენებს.
ბესელია არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ მსგავსი ტიპის აგრესია კვლავ განახორციელოს „ქართულ ოცნებაზე“. თუმცა აქვე ის დახმარებას ჰპირდება ყველა იმ მხარდამჭერს, რომლებიც ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის მსხვერპლი გახდნენ.
„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ და დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელისუფლების სხვადასხვა ზეწოლის შედეგად არის დაპატიმრებული. ჩვენ არ ვტოვებთ არცერთ მათგანს დაცვისა და მხარდაჭერის გარეშე. ცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ როგორმე მივიდეთ არჩევნებამდე და ამ გზით დავასრულოთ ყველაზე სასტიკი და უსამართლო დანაშაულებრივი რეჟიმი“, - განაცხადა ბესელიამ.
დღესვე ბესელიამ ბოლო დღეებში სხვადასხვა შენობებზე და ფასადებზე დაწერილ 41 ნომრის ავტორებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, პირებს, ვინც ამას აკეთებს, კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს და აღნიშნა, რომ ეს გარკვეული ჯგუფების მიერ იმართება.
„როგორც ჩანს ეს გარკვეული ჯგუფების მიერ არის მართული. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს აბსოლუტური მზადყოფნა და ვართ მობილიზებული ისე, როგორც არასოდეს, რომ მივიდეთ არჩევნებზე და ვუზრუნველყოთ, რომ ვინც მოვა არჩევნებზე, გააკეთოს სწორი და ღირსეული არჩევანი, რომელიც ქვეყნისა და მომავლის სასარგებლოდ იქნება მიმართული“, - განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ სააკაშვილს „ქართული ოცნება“ არ მისცემს იმის უფლებას, რომ მან მორიგი ავანტიურისტული გეგმა გაანახორციელოს.