დიმიტრი ლორთქიფანიძე:  გათავისუფლდნენ პატიმრების მიერ დასახელებული თანამშრომლები  ზაზა ძიძიგური, გიორგი ახალაია, მამუკა რაზმაძე

დიმიტრი ლორთქიფანიძე: გათავისუფლდნენ პატიმრების მიერ დასახელებული თანამშრომლები ზაზა ძიძიგური, გიორგი ახალაია, მამუკა რაზმაძე

„თავისუფალი საქართველოს“  წევრის, დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, გიორგი ტუღუშის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საპატიმროებიდან ზედამხედველობის ყველა ის თანამშრომელია გათავისუფლებული, რომელიც ამა თუ იმ ფორმით  შემჩნეული იყო პატიმართა მიმართ ძალადობრივ დამოკიდებულებაში, სრულად არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან თანამშრომელთა ნაწილი ისევ რჩება სამსახურში,რადგან, გარდა  ყველაფრისა, სასჯელაღსრულების სისტემაში გარკვეული საკადრო დეფიციტიცაა.

„სასჯელაღსრულების დაწესებულებების ზედამხედველობის სამსახურის ის ნაწილი, რომელზეც პატიმრები უთითებდნენ, მათგან ნაწილი მართლაც გათავისუფლდა,საკმაოდ დიდი ნაწილი ისევ რჩება სამსახურში, თუმცა მიმდინარეობს ამოცნობის პროცესი.

 პატიმრები გვაწვდიან იმ ბადრაგების სახელებს და გვარებს,დაწყებული 2005 წლიდან, როდესაც ბაჩო ახალია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა, ვინც პატიმართა მიმართ განსაკუთრებით ძალადობით გამოირჩეოდა. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ უკანასკნელი ავაზაკი არ დატოვებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს“,-აცხადებს პარლამენტარი.

ლორთქიფანიძის განცხადებით, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრულო პოლიცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მთლიანად მოიხსნა გარე პერიმეტრიდანაც.  „მინდა გითხრათ, რომ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახურის რვა თანამშრომელი მოიხსნა თანამდებობებიდან.

მე შემიძლია დაგისახელოთ სამი მათგანის გვარი -რუსთავის #8 დაწესებულების არასრულწლოვანთა კორპუსის ზედამხედველი გიორგი ახალაია, მამუკა რაზმაძე, აგრეთვე  გლდანის #8 საპყრობილის თანამშრომელი ზაზა ძიძიგური, რომელთა მოხსნასაც პატიმრები ჟურნალისტების თანდასწრებით ითხოვდნენ.

დამიკავშირდა ერთ-ერთი პატიმარი, რომელმაც მითხრა, რომ ზაზა ძიძიგური ისევ ნახა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მე მოვითხოვე საპყრობილეში შესვლა და სწორედ ჩემს თვალწინ დაიწერა განცხადება მისი გათავისუფლების შესახებ.

რაც შეეხება პატიმართ წამებას, ქსნის #17 კოლონიასა და გლდანის #8 დაწესებულებაში, პატიმართ წამებას ამ ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი არ ჰქონია“,-განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.