რამაზ ნოზაძე „ქართულ ოცნებას“  მხარდაჭერას უცხადებს

რამაზ ნოზაძე „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებს

პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“  ღია მხარდაჭერას სპორტსმენი რამაზ ნოზაძე უცხადებს. ამასთან დაკავშირებით დღეს,  სპეციალური ბრიფინგი, კოალიციის ცენტრალურ ოფისში გაიმართა.  ნოზაძის გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებს,  ფოთში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ გააცნო.

 ბესელიას განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მისაღებად ბოლო წვეთი რამაზ ნოზაძისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, პატიმართა არაადამიანური მოპყრობის შესახებ გავრცელებული კადრები აღმოჩნდა.

„ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რამაზ ნოზაძის მხარდაჭერა. ამას ქართველი საზოგადოება სიხარულით შეხვდება. კარგი იქნება, თუ მის მაგალითს სხვებიც მიჰყვებიან“- განაცხადა ბესელიამ.

თავის მხრივ, რამაზ ნოზაძის განცხადებით, ის აპოლიტიკური ადამიანი იყო, თუმცა ამ სიტიუაციამ მიაღებინა გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ გვერდით დადგეს.

„მინდა გამოვხატო  ჩემი თანადგომა იმ  პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებმაც ეს ძალადობა საკუთარ თავზე იწვნიეს. ამ სიტუაციის გამო, მივიღე გადაწყვეტილება  დავდგე „ქართული ოცნებისა“ და ქართველი ხალხის გვერდით. რაკი ჩემი მეუღლე ფოთიდანაა წარმოშობით, ჩვენ, ორივე მზად ვართ „ქართულ ოცნებას“ გვერდში ფოთში დავუდგეთ“- განაცხადა ნოზაძემ.