ეკა ბესელიას საუბნო შტაბს ე.წ „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს

ეკა ბესელიას საუბნო შტაბს ე.წ „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს

„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის ეკა ბესელიას წარმომადგენლების ინფორმაციით, ნაბადას საუბნო შტაბს ე.წ „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლეს, რომელიც არ აფეთქდა, ქალაქში გაკრული ორივე ბილბორდი კი, წითელი საღებავით შეღებეს. ბესელიას შტაბის წარმომადგენლებმა ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც შემთხვევის ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობს.

ბესელიას შტაბის წარმომადგენლები ინციდენტს ხელისუფლების კამპანიას უკავშირებენ და სამართალდამცავი ორგანოებისგან, ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

„ხელისუფლება, რომელიც აპელირებდა 26 მაისის ოპოზიციის აქციაზე „მოლოტოვის კოქტეილის“ თემით, თავად ებრძვის ამით და სხვა უმსგავსობებით ოპოზიციას. ეს არის პროვოცირებული მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან და მათი მხარდამჭერების მხრიდან. თუ სამართალდამცავები არიან ობიექტურები ამ ფაქტის გამოძიება არ უნდა გაუჭირდეთ“, - განაცხადა შემთხვევის ადგილზე მისულმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ლილი გელაშვილმა.

მომხდარის შესახებ არაფერი იცის, შტაბის საოფისე ფართის მეპატრონემ ირაკლი გიგიბერიამ, რომლის განცხადებითაც, მომხდარის შესახებ მას ტელეფონით აცნობეს.

საპატრულო პოლიციის ბრიგადამ ადგილზე შეადგინა ოქმი, მიმდინარეობს გამოძიება.