პედრო ალმოდოვარი იუბილარია (VIDEO)

პედრო ალმოდოვარი იუბილარია (VIDEO)

„კინო ჩემი ცხოვრების ნაწილია. რაც რეალურად ხდება შესაძლოა მარტივად გახდეს ჩემი მატერიალი ფილმებისათვის.“„ყველა ჩემი ფილმი ავტობიოგრაფიულია, რადგან მათ უკან მე ვდგავარ და ისინი გვანან ჩემი ცხოვრების ისტორას." „კინოს შეუძლია ამოავსოს შენი ცხოვრების ცარიელი ნაწილი და დაგავიწყოს მარტოობა“, „ ჩემი პერსონაჟები მაძლევენ იმას, რისთვისაც ღირს ცხოვრება. ხელოვნება მეხმარება იმაში, რომ ვიბრძოლო სიცოცხლისთვის.“- ეს  გენიალური ფრაზები ესპანელ კინორეჟისორს პედრო ალმოდოვარს ეკუთვნის, რომელსაც დღეს 63 წლის იუბილე აქვს.

პედრო ალმოდოვარ კაბალიერო 1949 წლის 25 სექტემბერს ესპანეთში, კალსადა დე კალატრავაში, კასტილ-ლა-მანჩას პროვინციაში დაიბადა. 1980-იან წლებში პირველი ფილმის გადაღების შემდეგ დღემდე მას უკვე 30-მდე ფილმი აქვს შექმნილი. მისი ფილმები აგებულია ადამიანურ ურთიერთობებზე, რომელიც ვითარდება წარმოუდგენელ გარემოებებში, დამახასიათებელი მწვავე მელოდრამითა და განზრახ ხაზგასმული "კიჩით". ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი.

ალმოდოვარი რვა წლის ასაკში მშობლებთან ერთად კასერესში (ესტრემადურა), გადავიდა საცხოვრებლად. საშუალო განათლება სალესიელ მამათა სკოლაში მიიღო, ხოლო საუნივერსიტეტო გამოცდები ფრანცისკანელი ძმების სკოლაში ჩააბარა. თექვსმეტი წლის ასაკში მადრიდში გადავიდა, სადაც თორმეტი წელი მრავალი სამსახური გამოიცვალა, სანამ საბოლოოდ სატელეკომუნიკაციო კომპანია "ტელეფონიკაში" დაფუძნდებოდა. ამავე დროს გახდა თეატრალური ჯგუფის "Los Goliardos" წევრი, სადაც მცირე როლებს ასრულებდა და პირველად შეხვდა კარმენ მაურას. აქვე დაიწყო მცირე მოთხრობების წერა, რომლებიც ლიტერატურულ ჟურნალებში იბეჭდებოდა.

1980 წელს გადაიღო სრულმეტრაჟიანი ფილმი "პეპი, ლუსი, ბომი და სხვა მსგავსი გოგონები". ამ პროექტს დასაბამი მისცა ალმადოვარის ფოტონოველამ "ხშირი ერექციები" , რომელიც ჟურნალ "El Víbora"-ს შეკვეთით შექმნა. ფილმი მაშინვე გახდა პოპულარული დამოუკიდებელ წრეებში და კინოთეატრთა ქსელ "ალფავილის" მნახველთა შორის, სადაც ის ღამის სეანსებზე გადიოდა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში.

ალმადოვარს პირველი მსოფლიო წარმატება მოუტანა ფილმმა "რატომ დავიმსახურე ეს?" გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" მასზე ასე წერდა: "ეს შესანიშნავი შავი კომედიაა, უბრალოდ პატარა შედევრია!" 1985 წელს პედრომ ძმასთან, აგუსტინ ალმადოვართან ერთად შექმნა საპროდიუსერო კომპანია "El Deseo", რომლის პირველი გამოშვება გახდა 1986 წლის ფილმი "სურვილის კანონი". ალმადოვარს პირველი მნიშვნელოვანი აღიარება მოუტანა ფილმმა "ქალები ნერვული კრიზისის ზღვარზე". ფილმმა ორმოცდაათამდე ეროვნული პრემია მიიღო და ამერიკული კინოაკადემიის ოსკარზედაც იყო წარდგენილი.

1999 წელს ალმადოვარმა გადაიღო ფილმო "ყველაფერი დედაჩემის შესახებ" , რომელმაც მრავალ ეროვნულ პრემიასთან ერთად მოიპოვა ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი წარმატების შემდეგ უკეთესი ფილმის გადაღება ყველასთვის წარმოუდგენელი იყო, რეჟისორმა 2002 წელს გადაიღო "ესაუბრე მას", რომელმაც უფრო მეტი საერთაშორისო პრემია და "ოსკარიც" მიიღო საუკეთესო სცენარისთვის.

ალმადოვარის მსოფლიო ტრიუმფს დაემთხვა ესპანეთის კინოაკადემიასთან ურთიერთობების გამწვავება, რომელმაც არ წამოაყენა მისი ფილმი ("ესაუბრე მას") ოსკარზე "საუკეთესო უცხოური ფილმისთვის". 2005 წელს, ალმადოვარის შემდეგმა ფილმმა "ცუდი აღზრდა" ესპანეთის "გოიას" არც ერთი პრემია არ მიიღო, რის შემდეგაც მან ძმასთან ერთად გამოაცხადა აკადემიიდან გამოსვლის შესახებ, კენჭისყრის სისტემასთან უთანხმოების საბაბით.

ალმოდოვარის ბოლოსწინა ფილმი "შეწყვეტილი ამბორი" გამოვიდა (2009 წ.) რეჟისორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმია. კინოფილმში ირღვევა ტრადიცია და მთავარი გმირი არის მამაკაცი, რომელმაც ავტოკატასტროფის შედეგად დაკარგა თვალის ჩინი და შეწყვიტა სარეჟისორო მუშაობა. "ფილმი ფილმში" მეთოდი კი კიდევ უფრო ართულებს ფილმის სტრუქტურას და უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს მაყურებლისგან.

ალმოდოვარის ბოლო ფილმი „კანი, რომელშიც ვცხოვრობ“ ანტონიო ბანდერასის მონაწილეობიღ 2011 წელს გამოვიდა.

ალმადოვარს ჰყავს ფავორიტი მსახიობები, რომლებიც მის ფილმებში ხშირად ჩნდებიან, ესენია: ვიქტორია აბრილი, ანტონიო ბანდერასი, მარისა პარედესი, კარმენ მაურა, ხავიერ კამარა, როსი დე პალმა და რათქმაუნდა პედროს მუზა პენელოპა კრუსი.

„პენელოპა დაიბადა იმისთვის, რომ იყოს მსახიობი. ჩვენს შორის რაღაც ქიმიური კავშირია. ის მე შთაგონებას მაძლევს. როცა მას შევხვდი გავხდი უკეთესი რეჟისორი, პენელოპე კი უკეთესი მსახიობი“-ამბობს რეჟიორი.