ფოტო/ვიდეო გადაღება არჩევნების დღეს მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი

ფოტო/ვიდეო გადაღება არჩევნების დღეს მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი

არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება მთელი კენჭისყრის პროცესში სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდან იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ კომისიის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული გადაღებებისთვის დასაწყისიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო 10 წუთის შემდეგ კამერები განთავსდებიან მინიმუმ 3 მეტრის გადასაღებ მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. კამერებისთვის კი სპეციალური ადგილი ისე უნდა იყოს გამოყოფილი, რომ მინიმუმ საარჩევნო ყუთი ჩანდეს. აღნიშნული რეგულაციები არ ვრცელდება მობილური ტელეფონით გადაღების წარმოებაზე.

გარდა ამისა, საარჩევნო უბანზე იკრძალება სამაგიდო სიისა და ამომრჩეველთა კაბინის გადაღება.

რაც შეეხება გადაღების პერიოდს, ხარატიშვილი აცხადებს, რომ ის დაშვებულია პირველიდან ბოლო ამომრჩევლამდე და შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებამდე პერიოდის ჩათვლით. მისი თქმით,  საზოგადოებრივად საინტერესო პირის კენჭისყრაში მონაწილეობის დროს გადაღება შეუზღუდავად იქნება შესაძლებელი.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებას კენჭი უკვე უყარა და 11 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.