ფილარმონიასთან აქცია განახლდა

ფილარმონიასთან აქცია განახლდა

ფილარმონიასთან სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებული აქცია განახლდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი 1 ოქტომბრამდე მობილიზებულნი არიან მშვიდობიანი პროტესტი დააფიქსირონ და პროვოკაციები არ გამოიწვიონ. შესაბამისად აქციის მონაწილეები მოქალაქეებს მხარდაჭერისაკენ მოუწოდებენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა არ შესრულებულა. ისინი სამი მინისტრის - ბაჩო ახალაიას, ხათუნა კალმახელიძისა და დიმიტრი შაშკინის დასჯას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, პროკურატურის მაღალჩინოსნების დაკავებასა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მონიტორინგის საშუალების მიცემას მოითხოვენ.

„ნაცმოძრაობას“ ჩადენილი დანაშაულებები არ შერჩება და გამარჯვებას ერთხელდასამუდამოდ ვიზეიმებთ“, - აცხადებენ ისინი.

აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ გამოეხმაურენ უფლებადამცველი დაჩი ცაგურიასა და ბექა ალადაშვილის დაკავებას და მათი გათავისუფლება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეებს ხელში აქვთ პლაკატები წარწერით: „გადადგეს კოტე კუბლაშვილი“, „დაისაჯოს ზურაბ ადეიშვილი“ და „დაისაჯოს ყველა დამნაშავე“.