სტუდენტების აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ

სტუდენტების აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საია-სა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელები თავდაცვის სამინისტროსთან მიმდინარე სტუდენტების აქციას შეუერთდნენ.

საია-ს ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილის გაცხადებით, მათი მოთხოვნები  აქციის მონაწილეების მოთხოვნებს ემთხვევა. მისი თქმით,  მხოლოდ ხათუნა კალმახელიძისა და ბაჩო ახალაიას გათავისუფლება არ არის საკმარისი და აღნიშნა, რომ აუცილებელია დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხიც.

„თანამდებობები უნდა დატოვონ იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა. მათ პირობებში ვერ მოხერხდება ობიექტური გამოძიება. ახლა მათ მიმართ არანაირი ნდობა არ არის და ვერც იქნება", - განაცხადა ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამოქმედდეს საზოგადოებრივი პროკურორის ინსტიტუტი და მოხდეს ყველა იმ საქმის გამოძიება, რაც ციხეებში ხდებოდა.

ამ დროისათვის სტუდენტებს ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, სამინისტროდან სად გააგრძელებენ მსვლელობას - უნივერსიტეტისკენ თუ იუსტიციის სახლისკენ.

ამასთან, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, 19.00 საათზე სტუდენტები თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და აქცია-კონცერტს გამართავენ, სადაც გაიმართება სიმღერის - "სისტემა უნდა დაინგრეს" პრეზენტაცია.