„ქართული ოცნების

„ქართული ოცნების" კრწანისის საარჩევნო შტაბის უფროსს ოთარ ბალანჩივაძეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართული ოცნების" კრწანისის საარჩევნო შტაბის უფროსს ოთარ ბალანჩივაძეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბალანჩივაძეს ბრალად ედება მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება, ლანძღვა-გინება, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და სამართალდამცავი ორგანოს უფლებამოსილ პირთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

„ღია სასამართლო სხდომაზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი ოთარ ბალანჩივაძე სამართალდარღვევის ირგვლივ არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ახსნა-განმარტებას,  ნაწილობრივ დაეთანხმა. ამასთან, ადმინისტრაციულ პასუხიგებაში მიცემულ პირს სასამართლო სხდომაზე არცერთი შუამდგომლობა არ განუცხადებია და საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების გამაქარწყლებელი რაიმე სახის დოკუმენტი არ წარმოუდგენია“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ოთარ ბალანჩივაძემ ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა პატიმრობა 10 დღის ვადით.

სასამართლოს აღნიშნული დადგენილება 48 საათის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს.