არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარესთან დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, საარჩევნო კოდექსის ჩანაწერით გათვალისწინებულ საკითხებზე აკრძალვის დაწესებით ცესკო საკუთარი მანდატის ფარგლებიდან გადის და მედიას თუ დამკვირვებლებს კანონით მინიჭებულ უფლებას უზღუდავს.

საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღების უფლება საარჩევნო კოდექსში პარლამენტმა, სამოქალაქო სექტორის ძალისხმევით, ვიდეოთვალის გაუქმების საკომპენსაციოდ ჩადო. ჩუგოშვილი აცხადებს, რომ თუ მედიის წარმომადგენლები საარჩევნო პროცესს ხელს უშლიან და დისკომფორტს ქმნიან, კომისიის თავმჯდომარეს მათი გაძევება ისედაც შეუძლია.

„შესაბამისად, ნორმატიული აქტებით ამ საკითხის დამატებითი რეგულირება საჭირო არ არის. ცესკო რეალურად ამით შესაძლო დარღვევების დაფიქსირებას კრძალავს. თუ ჩანაწერი არ გვექნება, შესაძლო დარღვევის ფაქტს ვერ დავამტკიცებთ. ამ დადგენილების მიღება საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისთვის სერიოზული დარტყმა იქნება და ის დიდ საზოგადოებრივ პროტესტს გამოიწვევს", - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

დადგენილების პროექტის მიღმა რეგულირების ნაცვლად პოლიტიკურ მიზნებს ხედავს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე.

„ცესკო-მ კანონის იგნორირება არ უნდა მოახდინოს, რადგან იგი კომისიის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე ბევრად მაღლა დგას“, - აცხადებს ის.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რას ემსახურება აღნიშნული ცვლილების შემოღება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ვინ არის მისი კონკრეტული ინიციატორი, თუმცა ამ კითხვებზე ცესკო-ს თავმჯდომარისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.