თსუ-დან სტუდენტები თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით დაიძრნენ

თსუ-დან სტუდენტები თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით დაიძრნენ

თსუ-სთან მიმდინარე აქციაზე  ორმა სტუდენტმა სხეული დაისერა და მაისურზე სისხლით დააწერეს - "მე მიყვარს პოლიცია". ორივე სტუდენტი ორგანიზაცია "ლაბორატორია 1918"-ის წევრები არიან.

მათი განცხადებით ეს არის არაძალადობრივი, მშვიდობიანი აქციის ნაწილი და ცდილობენ უფრო თვალსაჩინო გახადონ ყველა ადამიანისთვის, თუ რამდენად დიდ ზეწოლას განიცდიან და განიცდიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრები.

რამდენიმე წუთის წინ თსუ-დან სტუდენტები თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით დაიძრნენ. ისინი თავდაცვის სამინისტროსთან აქციას - „სოლიდარობა პატიმრებს" გამართავენ.

აქციის მონაწილეები თავდაცვის სამინისტროსთან მოითხოვენ მინისტრ დიმიტრი შაშკინისა და მისი მოადგილის დათა ახალაიას გადადგომას.

სტუდენტები თავდაცვის სამინისტროდან იუსტიციის სახლისკენ აპირებენ მსვლელობის მოწყობას და იქ მოშიმშილე სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას.

„ჩვენი მოთხოვნაა შეწყდეს ქვეყანაში ძალადობა და პასუხი აგოს ყველამ იმ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაზე, რომელიც ციხეში ხდება პატიმრების მიმართ“, - აცხადებენ ისინი.

იუსტიციის სახლთან გამართული აქციის შემდეგ სტუდენტები კვლავ უნივერსტეტის პირველი კორპუსის ეზოში დაბრუნდებიან.