გია იაკობაშვილი: ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, როგორც ხელისუფლების ძალადობა საკუთარ მოსახლეობაზე

გია იაკობაშვილი: ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, როგორც ხელისუფლების ძალადობა საკუთარ მოსახლეობაზე

ლონდონში ქართველი ემიგრანტების საზოგადოება „ლიბერალური კვალი-საქართველო“-ს ორგანიზებით, გუშინ ფოტოგამოფენა გაიხსნა სახელწოდებით „2003-2012 საქართველო-ძალადობა“.

ამის შესახებ for.ge-ს დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა გია იაკობაშვილმა უფლებადამცველ ნანა კაკაბაძესა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ, ფოტოგრაფ იური მეჩითოვთან ერთად For.ge -ს პრესკლუბში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

იაკობაშვილის განმარტებით, აღნიშნული ორგანიზაცია For.ge-ს რამდენიმე კვირის წინ დაუკავშირდა და თანადგომა თხოვა იმ ღონისძიების ჩატარებაში, რომელიც ლონდონის ერთ-ერთი სასტუმროს საგამოფენო დარბაზში გუშინ უკვე ჩატარდა. ღონისძიება გოგა ხაინდრავას ფილმის „დემოკრატიის შუქურას“ ჩვენებით დაიწყო.

გამოფენაზე დაახლოებით 120 ფოტო წარმოადგინეს. მათ შორის იყო იური მეჩითოვის, გიორგი აბდალაძის, გოგა ჩანადირის, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“, „პირველის“ გაზეთ „ვერსიისა“ და სხვა პირებისა თუ ორგანიზაციების ფოტოები.

რაც შეეხება თემატიკას, იაკობაშვილის განმარტებით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძალადობრივი ფაქტების ამსახველი ყველა ის ფოტომასალა, რომელიც 2003 წლიდან დღემდე დაფიქსირდა.

„ეს იყო 7 ნოემბერი, 26 მაისი, 15 ივნისი, 6 მაისი, დევნილების გამოსახლება, ომის ვეტერანების დარბევა გმირთა მოედანზე, გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და რობაქიძის მკვლელობებთან დაკავშირებული ფაქტების ფოტომასალა და ბოლოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წამების ამსახველი კადრები. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, როგორც ხელისუფლების ძალადობა საკუთარ მოსახლეობაზე. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ემიგრაციის წახალისების მიზნით ხდება. ხელისუფლებას უნდა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა დატოვონ საქართველო და შემოვიდნენ ისინი, ვინც ხელისუფლების ზეწოლებზე და ძალადობრივ ქმედებებზე თვალს დახუჭავს“, - განაცხადა იაკობაშვილმა

მისი თქმით, მართალია, მედია ყოველთვის აშუქებდა ამ ყველაფერს, მაგრამ აუცილებელი იყო ვიზუალური მასალის ასეთი ფორმითაც წარმოდგენა, იმისათვის, რომ ნანახის შემდეგ ქართველებს მეტი გაეგოთ და შემდეგ არჩევნებზე ინფორმირებული გადაწყვეტილება მიეღოთ.

„ამ საქმეში ჩვენი როლი იყო ფოტოების შეგროვება, ავტორების მოძებნა, მათგან ნებართვის აღება და ლონდონში გაგზავნა. ჩვენს ეს გავაკეთეთ: დაახლოებით 120 ფოტო შევაგროვეთ და შესაბამისი მინაწერებითა თუ ანოტაციებით გავაგზავნეთ. გამოფენას ესწრებოდნენ არა მხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელებიც. ასევე დიპლომატები და უბრალოდ დაინტერესებული პირებიც, რომლებსაც გული შეტკივათ ჩვენი ქვეყნის ბედზე. გამოფენა ძალიან წარმატებულად ჩატარდა“, - განაცხადა იაკობაშვილმა და აღნიშნა, რომ ის დღესაც და ხვალაც გაგრძელდება.

იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მსგავსი პროექტების სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში მოწყობაც. ამიტომ მან საზოგადოების იმ ნაწილს მიმართა, ვისაც აღნიშნული თემატიკის ამსახველი ვიზუალური მასალა აქვთ და მათ ამ მასალების გასაჯაროებისკენ მოუწოდა.