სასჯელაღსრულება:  ქსნის მე-15 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ, ძალადობაში შემჩნეული არც ერთი თანამშრომელი აღარ მუშაობს

სასჯელაღსრულება: ქსნის მე-15 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ, ძალადობაში შემჩნეული არც ერთი თანამშრომელი აღარ მუშაობს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განცხადების თანახმად, 2012 წლის 20 სექტემბრის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის არცერთი ფაქტი აღარ დაფიქსირებულა, რასაც ადასტურებს მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა და ორგანიზაციების მეირ გავრცელებული პირველადი ანგარიშებიც.

სამინისტროს განმარტებით, ქსნის მე-15 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ ძალადობაში შემჩნეული არც ერთი თანამშრომელი აღარ მუშაობს.

განცხადებას from.ge უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს,  24 სექტემბერს,  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გაავრცელა განცხადება,  სადაც აღნიშნულია,  რომ „ქსნის დაწესებულების ე.წ. „ძველ ზონაში“ განთავსებულმა მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის სახელზე დაწერეს კოლექტიური ახსნა-განმარტება,  რომელსაც ხელს აწერს 526 მსჯავრდებული და რომელიც შეეხება მსჯავრდებულთა მიმართ ქსნის N15 დაწესებულების ადმინისტრაციის და თანამშრომლების მხრიდან  წარსულში განხორციელებულ არასათანადო,  არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. „განცხადებაში ასევე დასახელებულნი არიან დაწესებულების ის თანამშრომლები, რომლებიც, პატიმართა გადმოცემით, მათ მიმართ ცემასა და სხვა სახის არასათანადო მოპყრობას ახორცილებდნენ.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების შესახებ მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციას,  რომელიც მოგვეწოდება როგორც უშუალოდ პატიმართა, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგის უფლების მქონე პირებისა და ორგანიზაციების მიერ. მიღებული ინფორმაციის შემდეგ ინდივიდუალურად ხდება ყველა კონკრეტული ფაქტის გადამოწმება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

აღსანიშნავია,  რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ განცხადებაში აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლები განცხადების გავრცელების მომენტისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ უკვე იდენტიფიცირებული და სამსახურიდან გათავისუფლებული იყვნენ.

2012 წლის 20 სექტემბრის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის არცერთი ფაქტი აღარ დაფიქსირებულა, რასაც ადასტურებს მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა და ორგანიზაციების მეირ გავრცელებული პირველადი ანგარიშებიც“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.