ნინო კალანდაძე: რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობის და პროვოკაციის საფრთხე არსებობს

ნინო კალანდაძე: რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობის და პროვოკაციის საფრთხე არსებობს

„რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობის და პროვოკაციის საფრთხე არსებობს“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, დესტაბილიზაციისა და პროვოკაციის მცდელობის საფრთხეს ადგილი ექნებოდა წინასაარჩევნო პერიოდში, სწორედ ამ პერიოდში იყო რუსების ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები "კავკასია 2012" და აღნიშნა, ამიტომ მოუწოდებდნენ საერთაშორისი თანამეგობრობას, რომ ყურადღება გაემახვილებინა ამ ფაქტზე.

"შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევით შემოვიდა კონტროლირებად ტერიტორიაზე. შემთხვევად არ შეიძლება მიჩნეული იყოს რუსეთის საჯარისო ნაწილების კონცენტრაცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ადმინისტრაციულ ხაზთან. შესაბამისად, ამ გარემოებებისა და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა დესტაბილიზაციის მცდელობის, ისევე როგორც პროვოკაციის საფრთხე რუსეთის მხრიდან, არსებობს", - განაცხადა კალანდაძე.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ქართული მხარის ინფორმაციაზე ჰქონდა მყისიერი რეაგირება, კერძოდ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელმაც რუსი სამხედროების კონცენტრაცია დაგმო.

შეგახსენებთ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ინფორმაციით, ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსეთის შეიარაღებული პერსონალის გადაადგილება შეინიშნება. ეს განცხადება  ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ  22 სექტემბერს გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს უსაფრთხოების პერსონალის განლაგების შესაძლო ცვლილების შესახებ არსებობდა ინფორმაცია, რასაც მათი თქმით, ისინი ინტენსიურად აკვირდებოდნენ.

დამკვირვებლების ინფორმაციითვე, მონიტორები დამატებითი პატრულის შესაძლო განლაგებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმებით იყვნენ დაკავებული და შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად აკვირდებოდნენ სიტუაციას.

„მისიამ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა, თუმცა მდგომარეობაზე აქტიური კონტროლის მიზნით პატრულირება გააძლიერა. პატრულირების პროცესში ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ რუსეთის შეიარაღებული პერსონალის გადაადგილება შენიშნა. მისიამ რუსეთის შესაბამის სტრუქტურებთან აღნიშნულ საკითხზე შეშფოთება გამოთქვა", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ევროკავშირის მონიტორინგის მისია მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი მოქმედებისგან, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების დესტაბილიზაციას მოახდენს.