ზურაბ ხარატიშვილი: ფოტო-ვიდეო გადაღება ისე უნდა მოხდეს უბანზე, რომ ამან ამომრჩევლებზე ზეწოლის სახე არ მიიღოს

ზურაბ ხარატიშვილი: ფოტო-ვიდეო გადაღება ისე უნდა მოხდეს უბანზე, რომ ამან ამომრჩევლებზე ზეწოლის სახე არ მიიღოს

„ცესკო-ს მიზანია ერთი მხრივ, საარჩევნო პროცესი იყოს გამჭვირვალე, მეორე მხრივ კი - უზრუნველყოს ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენა საარჩევნო უბანზე” - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ზურაბ ხარატიშვილმა დღეს ჟურნალისტებს მედიაწარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ცესკო-ს იმ დადგენილების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, საარჩევნო უბანზე მედია და სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ფოტო და ვიდეოგადაღება იზღუდება და აღნიშნა, რომ პირველმა მეორეს ხელი არ უნდა შუშალოს.

ხარატიშვილის განმარტებით, ცესკო-ს მიზანია შექმნას რეგულაციები, რათა ამომრჩეველმა გადაღების პროცესი ზეწოლად არ ჩათვალოს, არ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება და უარი არ თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.

„აღნიშნული დადგენილება საარჩევნო კოდექსს არ ეწინააღმდეგება, ვინაიდან ის ფოტო და ვიდეო გადაღების აკრძალვას არ გულისხმობს. ფოტო-ვიდეო გადაღება ისე უნდა მოხდეს უბანზე, რომ ამან ამომრჩევლებზე ზეწოლის სახე არ მიიღოს“- განაცხადა ხარატიშვილმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე კომისიის წევრებს შორის აზრთა სხვადასახვაობაა. მან იმედი გამოთქვა, რომ გარკვეული კონსენსუსი მიღწეული იქნება.