დენის მაკშეინი  სააკაშვილს ურჩევს   პატიმართა წამების ფაქტების გამოძიება   ევროკავშირის კომისიას მიანდოს

დენის მაკშეინი სააკაშვილს ურჩევს პატიმართა წამების ფაქტების გამოძიება ევროკავშირის კომისიას მიანდოს

ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა  დენის მაკშეინმა  ბრიტანულ გამოცემა Newstatesman- ში სტატია გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენების ერთგვარ პოლიტიკურ ანალიზს გვთავაზობს. მაკშეინი  სააკაშვილს ურჩევს, დახმარებისათვის ევროკავშირს მიმართოს. კონკრეტულად მისი თქმით, საერთაშორისო ნდობის აღსადგენად სააკაშვილმა უნდა მიმართოს ევროკომისიას ან ევროპის საბჭოს სპეციალური კომისიის შექმნის თხოვნით, რომელიც ჯეროვნად გამოიძიებს ქართველ პატიმართა წამების საშინელ ფაქტებს, რაც ასახულია ვიდეოში.

მაკშეინი ვრცლად მიმოიხილავს ასევე მთავრობისა და ოპოზიციური ძალების დაპირისპირებას.

„სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა 2013-ში მთავრდება და თითქმის ყოველი საერთაშორისო რანგის სტუმარი,  ჩემი ჩათვლით, ეუბნება, რომ არ უნდა გაიმეოროს პუტინის სცენარი, რათა გაგრძელდეს ქართულ პოლიტიკაში მისი ათწლიანი დომინირება. თუმცა, უნდა გახდეს თუ არა ზღაპრულად მდიდარი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მისი მემკვიდრე, ეს საკითხად რჩება ღია“ -  წერს ბრიტანელი დეპუტატი.

ბრიტანელი პარლამენტარის მიიჩნევს, რომ  სკანდალურმა ვიდეომ კიდევ უფრო დაამძიმა ქვეყანაში არსებული ისედაც დაძაბული სიტუაცია და აღნიშნავს, რომ  მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რაც ხდება რუსეთში, ამ ვიდეომ ცხადყო,  თუ კიდევ რამდენია გასაკეთებელი საქართველოში,  რომელიც აცხადებდა რომ საბოლოოდ შეწყვიტა წარსულის მანკიერი პრაქტიკა.

„ყოველი ერი ფასდება იმით, თუ როგორ ეპყრობიან იქ მოქალაქეებს და განსაკუთრებით, ტუსაღებს. ვიდეომ აჩვენა, რომ საქართველომ ვერ გაიარა ეს გამოცდა და კარგი იქნებოდა, თუ ყველა პოლიტიკოსი - მიუხედავად პოლიტიკური პლატფორმისა- რომლებიც ერთმანეთს ძალაუფლებისათვის ებრძვიათ, შეჩერდებოდა და დაუფიქრდებოდა იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქართული სინამდვილე სრულად შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას“, - წერს დენის მაკშეინი.