ცესკოში საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადღების აკრძალვის შესახებ დადგენილების განიხილვა დღეს განახლდება

ცესკოში საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადღების აკრძალვის შესახებ დადგენილების განიხილვა დღეს განახლდება

ცესკოში დღეს კენჭისყრის დროს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციების შესახებ დადგენილების განხილვის პროცესი განახლდება. აღნიშნული პროცესი გუშინ დაიწყო, თუმცა როგორც განხილვის დასრულების შემდეგ ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, ცესკო-ს წევრებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ფოტო-ვიდეო გადაღების დროს საარჩევნო პროცესის ხელის შემშლელ ფაქტორად და აღნიშნა, სწორედ ამიტომ გადაიდო პროცესი.

ცესკოში განმარტავენ, რომ ხმის მიცემისას გადაღებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს როგორც საარჩევნო პროცესს, ასევე, ამომრჩეველზე იგი კონტროლად იქნეს აღქმული.

დადგენილების პროექტის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებრივ გადაიღონ კენჭისყრის პროცესის ის მონაკვეთი, როცა საარჩევნო უბანზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების მქონე ამომრჩევლები - პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები და ა.შ. აძლევენ ხმას.

დადგენილების პროექტის თანახმად, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუების ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ. კომისიის წევრების მიერ ინტერვიუების მიცემა უნდა განხორციელდეს კომისიის თავმჯდომარის თანხმობითა და კენჭისყრის პროცესში მისთვის განკუთვნილი მოვალეობების შესრულების შეფერხების გარეშე. დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ფარული ფოტო/ვიდეო გადაღება, ასევე, კენჭისყრის კაბინისა და კენჭისყრის შენობის შესავლელ-გამოსავლელებში ფოტო/ვიდეო გადაღება.

აღნიშნული საკითხის განხილვას გუშინ ცესკო-ში ხმაური მოჰყვა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მოგვიანებით არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდა.

ამასთან, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლის, ლელა ტალიურის განცხადებით, აღნიშნული დადგენილება ეწინააღმდეგება კანონს და არღვევს არა მარტო დამკვირვებლების, არამედ მედიის წარმომადგენლების უფლებებს.

მისივე თქმით, არჩევნების დროს საარჩევნო უბანზე ფარული ფოტო-ვიდეო გადაღებისას არაერთი დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი და ფარული ვიდეოგადაღების აკრძალვა დაუშვებელია.

ცესკო-ში დადგენილების განხილვა დღეს, 18:00 საათზე იგეგმება.