მოდულის შენობასთან შეკრებილი ახალგაზრდები ფილარმონიისკენ დაიძრნენ

მოდულის შენობასთან შეკრებილი ახალგაზრდები ფილარმონიისკენ დაიძრნენ

მოდულის შენობასთან შეკრებილი ახალგაზრდები ფილარმონიის მიმართულებით უკვე დაიძრნენ. ისინი მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. გამვლელები მათ ოვაციებით და საავტომობილო სიგნალებით ესალმებიან.

ახალგაზრდები აცხადებენ, რომ შეკრების შემდეგ თბილისში დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციებს შეუერთდებიან.

ფილარმონიასთან საზოგადოების ნაწილი უკვე შეკრებილია. როგორც ჟურნალისტებს პოეტმა რატი ამაღლობელმა განუცხადა, დღეს საზოგადოება ერთსულოვანი უნდა იყოს.

„არჩევნებამდე საზოგადოება სიმშვიდით, თუმცა, პროტესტის გრძნობით უნდა მივიდეს“, - განაცხადა მან.

სავარაუდოდ, აქცია გაიმართება გლდანის ციხესთანაც. მცირე ჯგუფის აქცია მიმდინარეობს თბილისის იუსტიციის სახლთანაც, სადაც 6-მა ახალგაზრდამ შიმშილობა დაიწყო.

ამასთან, პოლიციამ რამდენიმე საათის წინ ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დაჩი ცაგურია თავის მეგობართან ერთად დააკავა. დაკავების მიზეზებზე შსს რამდენიმე წუთში ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.