დიმიტრი ლორთქიფანიძე: ამ დაწესებულებაში იმყოფება 11 არასრულწლოვანი, მათ ყოველდღიურად სცემდნენ, აწამებდნენ და  ამცირებდნენ

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ამ დაწესებულებაში იმყოფება 11 არასრულწლოვანი, მათ ყოველდღიურად სცემდნენ, აწამებდნენ და ამცირებდნენ

რუსთავის # 17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების მოსანახულებლად პარლამენტის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ლალი მოროშკინა და გელა კეტაშვილი შევიდნენ. რა მდგომარეობაა რუსთავის საპყრობილეში, არიან თუ არა ნაწამები არასრულწლოავნები და რატომ რჩებიან ისევ ადგილებზე ძველი თანამშრომლები? From.ge დიმიტრი ლორთქიფანიძეს ესაუბრა.

რა მდგომარეობაა რუსთავის საპყრობილეში?

-ჩვენ წუხელ საღამოს 9 საათზე შევედით გლდანის საპყრობილეში და დილის 4 საათამდე ვინახულეთ ყველა კატეგორიის, მსჯავრდებული, განსასჯელი, არასრულწლოვანი და აგრეთვე საავადმყოფოში მყოფი ფსიქიურად დაავადებული  26 პატიმრებიც. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ადამიანები არიან უკიდურესად დათრგუნულნი. ყველა პატიმარს აღენიშნება პოსტრამვული სინდრომი, რადგან  ცნობილ მოვლენებამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე შეწყდა წამება, ცემა და ღირსების შემლახავი მოპყრობა. აღსანიშნავია, რომ ამ დაწესებულებაში იმყოფება 11 არასრულწლოვანი, მათ ყოველდღიურად სცემდნენ, აწამებდნენ, ამცირებდნენ, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ხორციელდებოდა თუ არა არსრულწლოვნების მიმართ წამება და დამცირება?

- რა თქმა უნდა ხორციელდებოდა. ბავშვები მზად არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან, მათ დაასახელეს ყველა ის გვარი, ვინც აღნიშნულ ქმედებებებში იღებდა მონაწილეობას. ესენი არიან ამ კორპუსის თანამშრომლები, რომლებიც დღესაც აგრძელებენ ადგილზე სამსახურს. ჩვენ მივიღეთ პრევენციული ზომები, რათა მათზე დაწესდეს თვალთვალი და გიორგი ტუღუშმა პირობა მოგვცა, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მათზე კონტროლს განახორციელებენ. მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება, რადგან 2/3 იმ ადამიანებისა, ვისაც ხელი ურევია პატიმრების წამებაში, კვლავ რჩებიან თავიანთ ადგილებზე. საუბარი იმაზე, რომ ისინი საპატრულო პოლიციამ ჩაანაცვლა, ეს აბსოლუტურად ტყუილია, რადგან საპატრულო პოლიცია მხოლოდ გარე პერიმეტრს იცავს და შიგნით არ შესულა, ასე რომ იქ ისევ ძველი კონტიგენტია.

რატომ არ ათავისუფლებს გიორგი ტუღუში ამ კონტიგენტს?

-ვერ ათავისუფლებს იმიტომ, რომ ეს არის სპეციალური კონტიგენტი, რომელთაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება გააჩნია. მათზე ხორციელდება კონტროლი, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებიც ახორციელებენ. მათ ჩანაცვლებას კი დრო სჭირდება. ყველა ღონისძიება ხორციელდება იმისთვის, რომ დროულად გამოვლინდნენ ეს პირები, მიეცნენ პასუხისგებაში, მათი ადგილი კი ჩაანაცვლონ ნორმალურმა ადამიანებმა.  ჩვენ უფლებადამცველები თითქმის 24 საათიან კონტროლს ვაწარმოებთ ციხეებში.

რა განცდა აქვთ პატიმრებს, გრძნობენ თუ არა ისინი რომ მათთვის რაიმე შეიცვალა?

-ისინი ამ განცდით და გრძნობით ცოცხლობენ და დარწმუნებულები არიან, რომ  ის პირები, ვინც მათ მიმართ დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებდა აუცილებლად, შესაბამისად დაისჯება.ყველა ის პირი დაისჯება, ვინც კონკრეტულად აწარმოებდა წამებას.  პატიმრებს  აქვთ იმის შეგრძნება, რომ სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს.

აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი-პატიმრების მიმართ უშუალოდ სახელდება გახმაურებული მკვლელობაში უშუალო მონაწილენი და თანამონაწილენი, აუცილებელია დაკვირვებით იქნას შესწავლილი ეს ინფორმაცია სპეციალური კომისიის მიერ და დამნაშავეებს საკადრისად უნდა მიეზღოთ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატრიარქის გუშინდელი განცხადების შემდეგ, საპატიმროებში პატიმრების მიმართ ისევ განხორციელდა ცემა. შეგიძლიათ ეს ინფორმაცია დაადასტუროთ?

-ვიმეორებ, წუხელ მთელი ღამის განმავლობაში რუსთავის #17 საპყრობილეში გავათენეთ მთელი ღამე, და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საპატიმროში მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, ამას დამემოწმება 13 პოლიტმატიმარი- მელორ ვაჩნაძე, თემურ ჟორჟოლიანი, ოთარ გუჯეჯიანი, ლევან გოგიჩაიშვილი, ანზორ მეზვრიშვილი და კიდევ სხვა მრავალი ადამიანი, ჩვენ ვსაუბრობდით კიდევ მრავალ სხვა დეტალზე, რომელიც ასევე შეიძლება გამოადგეს გამოძიებას.