ბიძინა ივანიშვილი: სინათლე და გზები კი არა წამება და ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა სააკაშვილმა

ბიძინა ივანიშვილი: სინათლე და გზები კი არა წამება და ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა სააკაშვილმა

"სინათლე და გზები კი არა წამება და ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა სააკაშვილმა", - განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში გამართულ აქციაზე.

მისივე თქმით, ამ რეჟიმის ყოველი მომხრე, თითოეული ადამიანი, ვინც რაიმე გამართლებას უძებნის სააკაშვილს თვითონ იქნება უსასტიკესი დანაშაულის მონაწილე. ამის შემდეგ ვინც ამ ჯალათებს გაამართლებს თვითონ იქნება ჯალათი.

"ახლა ხომ საბოლოოდ დაინახავს დემოკრატიული დასავლეთი თუ რას წარმოადგენს სააკაშვილი - დემოკრატიის შუქურა. სააკაშვილი შეშფოთებულია, მაგრამ ის მხოლოდ იმიტომ არის შეშფოთებული, რომ ინფორმაციამ გაჟონა. მან ეს შეცდომად და სისტემის მარცხად მონათლა. ახლა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ რაღაც გამორჩათ და შეეშალათ - არაფერიც არ შეეშალათ - ეს ყველაფერი მათი დაგეგმილია, ეს მათი დავალებით ხდებოდა",- აცხადებს  ივანიშვილი.

"ეს სიმხეცე სააკაშვილმა შეცდომად და სისტემის მარცხად მონათლა და ხელისუფლების წარმომადგენლები მიყოლებით თავს იმართლებენ, მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებენ. ეს ყველაფერი მათი დაგეგმილია და მათი დავალებით ხდებოდა. ჩვენი ახალგაზრდების პროტესტმა მოიტანა ორი მინისტრის გადადგომა. ბზარი გაუჩნდა ახალაიების კლანს და სააკაშვილის რეჟიმს. ამათი პასუხისმგებლობის დღე მოახლოვდა – პირველი ოქტომბერი. მხოლოდ ამ დღის ეშინიათ და იმიტომ, რომ კანონის მთელი სიმკაცრით მოუწევთ პასუხისგება", - აღნიშნა ივანიშვილმა. 
კოალიციის ლიდერმა მოსახლეობას ასევე არჩევნებამდე თავშეკავებისკენ მოუწოდა და დაჰპირდა, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ ყველა დამნაშავე პასუხს აგებს კანონის წინაშე. 
"ამ ხელისუფლებას ბევრად მეტი საშინელება აქვს ჩადენილი. ის, რაც ვნახეთ, მცირე ნაწილია მათი ურიცხვი დანაშაულისა. ყველა ხელისუფალი გასვრილია უმძიმეს დანაშაულში. ამ სიმხეცეში ყველა მონაწილეობს. წლების განმავლობაში შეგნებულად აშენებდნენ ამ სისტემას. ის, რაც ვნახეთ, დანაშაულია კაცობრიობის წინაშე. ქურდული სამყარო დღეს კლანურ-მაფიოზურმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლა, მაგრამ ჩვენ სამართლიანობას აღვადგენთ და სამართლიან მართლმსაჯულებას დავამკვიდრებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.