რუსთავისა და ქსნის ციხეებში რამდენიმე პატიმარმა წამების მსხვერპლ პატიმართა მიმართ სოლიდარობის მიზნით შიმშილობა დაიწყო

რუსთავისა და ქსნის ციხეებში რამდენიმე პატიმარმა წამების მსხვერპლ პატიმართა მიმართ სოლიდარობის მიზნით შიმშილობა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, რუსთავისა და ქსნის დაწესებულებებში რამდენიმე პატიმარი შიმშილობს. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ეს ფაქტები გუშინ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა.

განცხადების თანახმად, პატიმრებმა შიმშილობა წამების მსხვერპლ პატიმართა მიმართ სოლიდარობის მიზნით დაიწყეს.

ასევე სახალხო დამცველის აპარატი  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს მოუწოდებს, ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს სისტემაში განთავსებული ყველა იმ პატიმრის მიმართ, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები 2012 წლის 21 სექტემბერს იმყოფებოდნენ რუსთავის #17, ქსნის #15  და რუსთავის #6 დაწესებულებებში.

აღსანიშნავია, რომ სამივე დაწესებულებაში ამ ეტაპზე არის სიმშვიდე, დაწესებულებები ფუნქციონირებს ნორმალურ რეჟიმში, არ არის დაწესებული რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო შეზღუდვა.

რუსთავის #17 დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ დაწესებულების ყველა ნაწილში განთავსებულ პატიმრებს, მათ შორის, არასრულწლოვნებს. მსჯავრდებულთა ნაწილის განცხადებით, მათ 20 სექტემბერს გამოაცხადეს შიმშილობა წამების მსხვერპლ პატიმართა მიმართ სოლიდარობის მიზნით. ამავე დაწესებულების მსჯავრდებულთა ნაწილი კი აცხადებს, რომ აღნიშნულ აქციას შეუერთდებიან 22-23 სექტემბერს. მსჯავრდებულებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პროტესტის ეს ზომა არ უკავშირდება მათ მიმართ მოპყრობას და არ არის მიმართული N17 დაწესებულების ადმინისტრაციის და თანამშრომლების წინააღმდეგ, ასევე, არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს.

რაც შეეხება ამ დაწესებულებაში განთავსებულ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს, ისინი მონიტორინგის მომენტისთვის არ შიმშილობდნენ და არც გეგმავდნენ შიმშილობის დაწყებას.

ქსნის #15 დაწესებულების დახურულ ნაწილში განთავსებულმა ზოგიერთმა მსჯავრდებულმა გუშინ დაიწყო შიმშილობის აქცია წამების მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის მიზნით. ისინი ასევე მოითხოვენ მათ მიმართ წარსულში განხორციელებულ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებების ადეკვატურ წარმოებას და დამნაშავეთა დასჯას. ამასთან დაკავშირებით მათმა ნაწილმა სურვილი გამოთქვა, შეხვდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს, რათა დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მათ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

შიმშილობა გამოცხადებული აქვთ დაწესებულების #4 საკანში განთავსებულ მსჯავრდებულებს ს.ხაბულიანს, ი.გიგლემიანს, ო.პაიჭაძეს,  #22 საკანში განთავსებულ 7 მსჯავრდებულს, #6 საკანში განთავსებულ მსჯავრდებულს ნუგზარ თაბაგარს და სხვა საკანში განთავსებულ კიდევ 4 მსჯავრდებულს.

დაწესებულების ძველი ნაწილიდან 526-მა მსჯავრდებულმა სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს მიაწოდეს კოლექტიური განცხადება, სადაც ისინი მიუთითებენ ბოლო წლების მანძილზე მათ მიმართ რეგულარულად განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

რუსთავის #6 დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა რამდენიმე მსჯავრდებულს, რომლებიც ასევე სოლიდარობას უცხადებენ წამების მსხვერპლ პატიმრებს და ისევე, როგორც დანარჩენ დაწესებულებებში, აცხადებენ, რომ ადმინისტრაციასთან და თანამშრომლებთან მიმართებაში ამ ეტაპზე პრეტენზიები არ აქვთ.

უნდა აღინიშნოს, რომ სამივე დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ სამედიცინო მომსახურება არის ცუდი და ვერ უზრუნველყოფს მათი ჯანმრთელობის ადეკვატურ და ჯეროვან დაცვას.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს, ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოს სისტემაში განთავსებული ყველა იმ პატიმრის მიმართ, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს“, - აღნიშნულია განცხადებაში.