ყოფილმა პოლიტპატიმარმა ახალაიას კალმახელიძის და ციხის რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეიტანა

ყოფილმა პოლიტპატიმარმა ახალაიას კალმახელიძის და ციხის რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეიტანა

გლდანის ციხის ყოფილმა პატიმარმა ალექსანდრე უსოევმა დღეს, გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში შს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას , სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის და ციხის იმ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც მას სცემდნენ საჩივარი შეიტანა.

უსოევთან ერთად "ქართული ოცნების" ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი თეა წულუკიანი იმყოფებოდა, რომელმაც ყოფილ პატიმართან ერთად გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ პრესკონფერენცია გამართა.

მისი თქმით, ყოფილი პატიმარი ალექსანდრე უსოევი არის გლდანის საპყრობილეში წამების მსხვერპლი, რომელზეც ძალადობის ფაქტები გლდანის ციხეში მოხვედრისთანავე განხორციელდა.

წულუკიანის განცხადებითვე, უსოევს ნაძალადევის რაიონის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მერაბ სამადაშვილი და უცნობი პირები მისი ბოლოდროინდელი განცხადებების გამო დევნიან. ცემის შედეგად კი მას გახეთქილი აქვს ნაწლავი.

„ციხის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ვინმე ვიქტორმა მას ცემის დროს ყბა მოტეხა. 2010 წლის ივლისში ვაჟა ცხვედიანმა, ალექსი თოლორდავამ და გიორგი ავსაჯანიშვილმა განახორციელეს უსოევის ჯგუფური ცემა, რის შედეგადაც მას გაუსკდა ნაწლავი. მუცელზე აქვს ოპერაციისა და ცემის მრავლობითი კვალი“ - განაცხადა წულუკიანმა და ყველა ჩამოთვლილი პირის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.

მისივე თქმით, მოვლენები დააჩქარა იმ ფაქტმა, რომ უსოევის ოჯახში გუშინ იმყოფებოდნენ შავი ჯიპით უცხო პირები, რომლებიც კითხვებს უსვამდნენ მისი ოჯახის წევრებს. წულუკიანი აცხადებს, რომ ის და მისი მეუღლე მარინა მანძოევა, მას შემდეგ, რაც გადაწყვიტეს ხმა აიმაღლონ იმ წამების წინააღმდეგ, რისი გადატანაც მოუხდათ, მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფებიან.

„მივმართავ ახლად დანიშნულ მინისტრ გიორგი ტუღუშს, ასევე ზურაბ ადეიშვილს, რომელიც 9 წლის განმავლობაში აფარებდა ხელს ამ სიტუაციას, უზრუნველყონ ალექსანდრე უსოევისა და მისი მეუღლის, პრობაციონერ მანანა მენძოევას უსაფრთხოება", - დასძინა წულუკიანმა.

ასევე, ყოფილმა პატიმარმა დაასახელა ის პირები, რომლებიც გლდანის ციხეში ყოფნის დროს სცემდნენ -  ცხვედიანი, გულორდავა და ავსაჯანიშვილი.

ალექსანდრე უსოევი სასჯელს ქურდობისთვის 2007-2012 წლებში იხდიდა. მას 4 წელი და 4 თვე ჰქონდა მისჯილი.