მაია ფანჯიკიძე:  დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდის აქციაზე  ვერავინ ვერაფერს ვერ გაბედავს

მაია ფანჯიკიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდის აქციაზე ვერავინ ვერაფერს ვერ გაბედავს

კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი მორიგი აქცია დღეს ზუგდიდში გაიმართება. როგორც კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ From.ge-ს განუცხადა, აქცია ზუსტად 16:00 საათზე დაიწყება. მისი თქმით, ზუგდიდში მოსამზადებელი სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 16:00 საათისთვის კი ყველაფერი მზად იქნება.

ფანჯიკიძის განმარტებით, ისინი იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდ გარემოში ჩატარდება. მისი თქმით, დღემდე ჩატარებული ყველა ღონისძიება მშვიდ გარემოში, ყოველგვარი გაუგებრობებისა და ექსცესების გარეშე ჩატარდა და აღნიშნა, რომ ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.

„ჩვენ ჩვენი მხრიდან დაინტერესებულები ვართ, რომ აქცია მხოლოდ მშვიდობიანად და ორგანიზებულად ჩატარდეს. უკვე 10 ასეთი ღონისძიება გვაქვს ჩატარებული და 10-ვე იყო მშვიდი, წყნარი და არ მომხდარა არანაირი ექსცესი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერადაც ვერავინ ვერაფერს ვერ გაბედავს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, ზუგდიდში „ქართული ოცნების" რიგით მე-11 აქცია გაიმართება. კოალიციამ აქციები უკვე ჩაატარა თბილისში, თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმში, ამბროლაურსა და ახალციხეში.

საარჩევნო კამპანია კი 29 სექტემბერს თბილისში გრანდიოზული მანიფესტაციით შეჯამდება.