მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ძალადობის მსხვერპლთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს

მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ძალადობის მსხვერპლთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს

საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით,  საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მათ დაგმეს პიროვნების შეურაცხყოფის, წამების თუ დამცირების თითოეულ ქმედება და აღნიშნეს, რომ ქართული რაგბი ყოველგვარი განცხადებების გარეშე ყოველთვის იდგა და იდგება იქ, სადაც საქართველოს დასჭირდება.

"საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენების ფონზე მრავალჯერ გვსმენია, რომ აუცილებელია გაკეთდეს მორაგბეთა მიერ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი განცხადება, რომ ქართველ ხალხს, ჩვენს გულშემატკივარს გააჩნია მოლოდინი ქართული რაგბის ერთიანი პოზიციის დაფიქსირებისა.

განმარტების სახით მოგახსენებთ, რომ რაგბის ოჯახში შემოსვლა არ ხდება პოლიტიკური მსოფლმხედველობისა თუ მრწამსის შესაბამისად და რაგბის თემი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც დანარჩენი საქართველო. ამის გამო ქართული სარაგბო თემის მიერ ერთიანი პოლიტიკური განცხადების გაკეთება უბრალოდ შეუძლებლადაც კი მიგვაჩნია. რეალური ქმედება განცხადებებით არ განისაზღვრება. ქართული რაგბი ყოველგვარი განცხადებების გარეშე ყოველთვის იდგა და იდგება იქ, სადაც საქართველოს დასჭირდება. რაც შეეხება ბოლო დღეებში ტელევიზიით თუ ინტერნეტით გაშუქებული ვიდეომასალის შეფასებას, გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:

ქართველი მორაგბეები გმობენ ადამიანის უფლებათა დარღვევის თითოეულ ფაქტს, პიროვნების შეურაცხყოფის, წამების თუ დამცირების თითოეულ ქმედებას. ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ ძალადობის ყველა მსხვერპლს და მათ ოჯახებს, და ვისურვებდით, რომ ასეთი საშინელება ჩვენს ქვეყანაში არასდროს განმეორებულიყოს." - ნათქვამია მერაგბეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.