ჰოლივუდის ვარსკვლავ ჯენიფერ ლოპესის ყოფილმა ქმარმა მარკ ენტონიმ გადაწყვიტა, ბოლო მოუღოს გავრცელებულ ჭორებს და ამერიკულ ტელეარხზე ჯეილოსთან გაყრის ნამდვილ მიზეზებზე ისაუბრა.
ტელეარხ ABC-სთან ინტერვიუში სახელგანთქმული ლათინოამერიკელი მსახიობი და მომღერალი აცხადებს, რომ ჯენიფერ ლოპესთან განშორება არ ყოფილა არაორდინარული და სენსაციური, საამისოდ არც რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არსებობდა, უბრალოდ, მათი შვიდწლიანი თანაცხოვრება ბუნებრივად დასრულდა, ურთიერთობა ამოიწურა.
ენტონის თქმით, როცა ცოლ-ქმარს შორის საერთო აღარაფერია, ამ შემთხვევაში დაშორება საუკეთესო გამოსავალია და სიცრუეში ცხოვრებას აზრი არა აქვს. ორივე მათგანმა გაყრის გადაწყვეტილება ურთიერთთანხმობით მიიღო. ღალატსა და გვერდით რომანებზე ლაპარაკი ზედმეტია.
რაც შეეხება ჯეილოსთან მომავალ ურთიერთობას, მარკ ენტონი აცხადებს, რომ ეს ურთიერთობა ჩვეულებისამებრ გაგრძელდება. მათ საერთო შვილები ჰყავთ და ოჯახის დანგრევა ბავშვებზე უარყოფითად არ უნდა აისახოს.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას რაიმე გრძნობა ყოფილი მეუღლისადმი, ენტონიმ უპასუხა, რომ ჯეილო შესანიშნავი დედა და ულამაზესი ქალია, რომელიც მუდამ ეყვარება, მიუხედავად იმისა, იქნებიან თუ არა ისინი ერთად. გარდა ამისა, მათი ურთიერთობა განშორების შემდეგ არ მთავრდება, პირიქით, ყოფილი ცოლ-ქმარი რამდენიმე პროექტში მონაწილეობას ერთად მიიღებს.