„მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდას საქართველოში კატასტროფული მდგომარეობა მოჰყვა“

„მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდას საქართველოში კატასტროფული მდგომარეობა მოჰყვა“

ფასების მატებამ საქართველოში ლამის კატასტროფული ფორმები მიიღო. ამის მთავარი ინდიკატორი პურზე ღირებულების ზრდა გახდა. მთავრობას აფრთხილებენ, რომ პურზე ფასის ზრდა კატასტროფის მომტანია, მთავრობამ ეს უნდა შეაჩეროს, თორემ სხვა შემთხვევაში დაიწყება შიმშილობა. 

ფასებისგან განსხვავებით, ქვეყანაში ხელფასების და პენსიების ოდენობა საერთოდ არ იზრდება. ეს მაშინ, როცა მეზობელ აზერბაიჯანში პენსიის მოცულობამ ზოგ შემთხვევაში 200 მანათს (400 ლარზე მეტს) მიაღწია. ოპოზიციისთვის გაუგებარია, ასეთ ვითარებაში პრემიერ-მინისტრი გილაური საქართველოს ეკონომიკური წარმატებით რატომ ტრაბახობს. 

„ქრისტიან-დემოკრატები“ სასურსათო პროდუქტზე ფასების კატასტროფულ ზრდასთან დაკავშირებით, პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება პარლამეტის სხდომაზე პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გააკეთა. 

„მსოფლიო ბაზარზე სასურსათო ფასების ზრდას საქართველოში კატასტროფიული მდგომარეობის შექმნა მოჰყვა, თუმცა ასეთ ვითარებაში საქართველოს მთავრობა მხოლოდ სტატისტის მდგომარეობაში აღმოჩნდა და მხოლოდ ფაქტებს ადასტურებს“, –  განაცხადა თარგამაძემ. 

მისი შეფასებით, დღეს ქვეყანაში სასურსათო უშიშროების პოლიტიკის არარსებობა ქმნის გარემოებას, რომ „ქვეყნის მიერ მოხმარებადი პროდუქტის 80% იმპორტირებულია, ადგილობრივი დარგები კი განადგურებული.“ 

თარგამაძის შეფასებით, მდგომარეობა მხოლოდ კატასტროფულად შეიძლება შეფასდეს და მისთვის გაუგებარია, ასეთ ვითარებაში პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკური წარმატებით რატომ ტრაბახობს. 

ამასთან, იგი იმ საკითხითაც ინტერესდება, თუ „რატომ ვერ ხვდება „იმპორტის პრემიერი“, რომ მთავრობის სხდომაზე ერთხელ მაინც განიხილოს სასურსათო ფასების ზრდის პრობლემა.“ 

თარგამაძემ, პრეზიდენტის მიერ ჩატარებული ბოლო მთავრობის სხდომაც გააკრიტიკა იმის გამო, რომ „პრეზიდენტმა ისევ მორიგი შოუ მოაწყო და სავალალო რამ განაცხადა, რომ საქართველო ელჩების იმედადღაა ყოფილა დარჩენილი, რათა დახმარება იმ ქვეყნებისგან გამოითხოვონ, რომლებიც სოფლის მეურნეობის კუთხით არასოდეს გამოირჩეოდნენ. 

ეს კი, თარგამაძის თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში არანაირი პოლიტიკა არ არსებობს და პრობლემის მოსაგვარებლად პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და სოფლის მეურნეობის მინისტრიც უნდა დაესწროს. 

და მაინც, ანალიტიკოსები სვამენ კითხვას, გამოიწვევს თუ არა ფასების ზრდა სექტემბერში ხალხის ქუჩაში გამოსვლას? „როცა ხალხს პურის ფული არა აქვს, ამას მოჰყვება რევოლუცია“ – აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. 

„პურზე ფასის ზრდა კატასტროფის მომტანია, მთავრობამ ეს უნდა შეაჩეროს, თორემ სხვა შემთხვევაში დაიწყება შიმშილობა“ – დასძენს შევარდნაძე. 

საარსებო მინიმუმის და პენსიის საკვებ პროდუქტებზე ფასების მიხედვით განსაზღვრას მოითხოვს პარლამენტის წევრი ჯონდი ბაღათურია. „ქართული დასის“ ლიდერის თქმით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები, რომელთა თანახმად საკვები პროდუქტები 5%-ით გაძვირდა, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში ვითარება გაცილებით რთულია, სასურსათო კალათის ფასი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ საარსებო მინიმუმიც შესაბამისად უნდა გაიზარდოს და 150 ლარის ნაცვლად 180 ლარით განისაზღვროს. 

ეროვნული ბანკის ცნობით, ინფლაციის მონაცემები 4,9%-ს შეადგენს. პურზე ფასების ზრდა პირდაპირპროპორციულია ინფლაციის მაჩვენებლის ზრდის. პურის ფასების ზრდა სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით გაზრდის ინფლაციის მაჩვენებელს დაახლოებით 08%  –  09 %-ით. 

„ინფლაცია სექტემბერ-ოქტომბერში უფრო მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს“, – ასეთ პროგნოზს აქვეყნებს გაზეთი „ბანკები და ფინანსები“. ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში ინფლაციის ზრდას არა მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებენ, არამედ ამის მიზეზს მსოფლიო სასურსათო ბაზარზე არსებულ სიტუაციაში ხედავენ. 

შაქრის, პურის და საწვავის ფასები მსოფლიო ფასებზეა დამოკიდებული, თუმცა საქართველოში ყველა ამ პროდუქტზე გაცილებით მეტად იზრდება ფასები, ვიდრე ეს საერთაშორისო ბაზარზე ხდება, აღნიშნავს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას. 

„თუ მასას, რომელშიც საკმაოდ დიდი უკმაყოფილების მუხტი დაგროვდა გამოუჩნდა ორგანიზატორი, ამ უკმაყოფილებამ შესაძლოა სამზარეულოებიდან ქუჩაში გადაინაცვლოს“, – მიიჩნევს გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი გია ვოლსკი. კითხვაზე, არსებობს თუ არა დღეს ისეთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ხალხის ქუჩაში გამოყვანას შესძლებს, გია ვოლსკი პასუხობს: 

„პოტენციალი რამდენიმე ოპოზიციურ ძალას გააჩნია, მაგრამ ვფიქრობ, რომ არარეალიზებული პოტენციალი ენერგიის წყაროდ უკვე აღარ ითვლება. არარეალიზებული პოტენციალი გააჩნია ირაკლი ალასანიას გუნდს, ასევე მისგან საპირისპირო პოზიციაზე მდგომ ნინო ბურჯანაძის გუნდს და ვფიქრობ, არარეალიზებული პოტენციალი გააჩნია ფორუმს, რომელსაც იმედი აქვს, რომ სექტემბრიდან ხალხს აიყოლიებს მთელი რიგი მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური და სოციალური მიმართულებითაც.“